ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გზები და შუქი ამერიკელი ხალხისგან


დვანი-საღოლაშენის ახალი გზა, რომელიც USAID-ის დაფინანსებით გაკეთდა

უკვე ერთი კვირაა ქარელის რაიონის ხუთი სოფელი, რომელიც ოკუპაციის ხაზს ესაზღვრება, ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალს ახალი საავტომობილო გზით უკავშირდება.

დვანი-დირბი-ტახტისძირი-ბრეთა-საღოლაშენის გზის, თითქმის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელზეც გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო, ახალი ასფალტირებული გზით შეიცვალა.

შიდა მუნიციპალური გზის სრული რეაბილიტაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, თითქმის 2 მილიონი ლარით დააფინანსა.

სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ შეასრულა, რომელმაც დვანი-საღოლაშენის მონაკვეთზე ახალი გზის დაგებას ათი თვე მოანდომა. ადგილობრივი მცხოვრები ვიტალი მაზმიშვილი ამბობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:58 0:00
ბმული


„ავადმყოფი რო გყოლოდა თავის დროზე საავადმყოფოში ვერ გადაიყვანდი, შეიძლება სოფელში ან გზაზე მომკვდარიყო. აი, ასეთი მდგომარეობა იყო სოფელში. მანქანა მანქანას გვერდს ვერ უქცევდა, გზა საერთოდ არ იყო. ბოლოს ტრანსპორტი აღარ მოძრაობდა საერთოდ.

დღეს უდიდესი შეღავათია სოფლებისთვის, თავისუფლად გადავაადგილდებით, ამას რა სჯობია. ამ გზას ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.“


სოფელი დვანი ქარელის მუნიციპალიტეტის ბოლო სოფელია, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. ოკუპირებული, ყოფილი ზნაურის რაიონის სოფელ ჭორბაულისგან დვანს მავრთულხლართები ჰყოფს.

იგივე სიტუაციაა სოფელ ტახტისძირში, რომელიც სულ სამი კილომეტრით არის მოშორებული ოსურ სოფელ გვირგვინასგან. დვანიდან-საღოლაშენამდე სულ 12 კილომეტრი და სამასი მეტრია, თუმცა ძველი გზის პირობებში, ავტომობილი ამ მონაკვეთის დაფარვას საათ-საათნახევარს ანდომებდა. დღეს, დვანიდან ცენტრალურ გზაზე მოხვედრა ათ წუთშია შესაძლებელი.

ახალ გზას ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები, საწვავი, სოფლებში სწორედ ამ გზით შედის. ზამთარში, 2 კუბამეტრი შეშის წასაღებად, რომელსაც მთავრობა უფასოდ გამოყოფს, დვანელები და ტახტისძირელები ქარელში ჩასასვლელად ამ გზით სარგებლობენ.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორმა სტივენ ჰეიკენმა აღნიშნა, რომ გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციით 13 000 ადამიანს მოუწესრიგდა გადაადგილების პრობლემა და განვითარების სტიმული მისცა.

„გავხსენით ორი გზა, რაც ამ რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის განხორციელება მოხერხდა საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტის, ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებთან ერთად.

ეს გზა ძალიან მნიშველოვანია. ეს არის ერთ-ერთი დახმარება ამ სოფლებში მაცხოვრებელთათვის, რათა განვითარდნენ და მოხდეს ეკონომიკური ზრდა. ეს არის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მთავარ საავტომობილო მაგისტრალს უკავშირდება.“

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, ამავე პროექტის ფარგლებში დააფინანსა გორიჯვრის მთაზე მდებარე, მე-12 საუკუნის გორიჯვრის მონასტრამდე მისასვლელი კილომეტრნახევრიანი გზის მონაკვეთიც.

50 წლის წინ აშენებულ ამ გზას, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაცია მხოლოდ ახლა ჩაუტარდა.საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ახალი გზა აკურთხა და ბრძანა

„თუ როგორი იყო ეს გზა, გორელებს და აქ მომსვლელ ადამიანებს ახსოვთ. ჩვენ მხოლოდ მადლიერებას გამოვხატავთ ამერიკელი ხალხისადმი და USAID-ის ორგანიზაციისადმი, ყველასადმი, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის განხორციელებაში.

ეს გზა საშუალებას მოგვცემს დაიწყოს მონასტრის საფუძვლიანი რეაბილიტაცია. აქ, რაც მანამდე იყო მაგას გზა არ ერქვა და ამის გამო, შეუძლებელი იყო ტექნიკის გადაადგილება და სამშენებლო მასალის ატანა გორიჯვარზე.“

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ქართლში, გასულ თვეში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი იმერხევი, სადაც ქართველები და ოსები ცხოვრობენ და რომელსაც ელექტრონერგია 1993 წლიდან არ მიეწოდებოდა, 20 წლის შემდეგ, პირველად განათდა.ამერიკელების დაფინანსებით, იმერხევში ელექტროგადამცემი ხაზის დ გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია მოხდა.

საერთაშორისო განვითარების სააგენტომ პროექტ „ნათელი 2“-ისა და „სუფთა ენერგეტიკა სოფლად“ ფარგლებში, ანალოგიურად, გაანათა დმანისის რაიონის სოფელი მამიშლარი; ონის რაიონის ოსური სოფელი გადამში და ახმეტის რაიონის სოფელი ჭართალა. ამ სოფლებში შუქი 22 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ.

მანამდე, თუშეთში, სოფელ შენაქოში, ამერიკული დაფინანსებით, ჰიდრო ელექტრო სადგური გაიხსნა, რომელიც ელექტროენერგიით 60 ოჯახს და მესაზღვრეების საგუშაგოს უზრუნველყოფს.დღეისათვის კი ელექტროგამცემი ხაზის და გამანაწილებელი ქსელის რებილიტაცია, ხევსურეთში, შატილში მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG