ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის უმაღლეს განათლებაზე მოთხოვნა იზრდება


შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 820, 000 უცხოელი სტუდენტი ჩამოდის სასწავლებლად

ბმული

ამერიკის შეერთებული შტატები უმაღლესი განათლების მისაღებად საუკეთესო ადგილად ითვლება.

ვაშინგტონში მდებარე საერთაშორისო სტუდენტის სახლში დღესდღეობით ორმოცი ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები ცხოვრობენ. კომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტი ნინა დომინიკი ინდოეთიდანაა. მისი თქმით, მთელს მსოფლიოში შეერთებულ შტატებში განათლების მიღებაზე მოთხოვნა პირველ ადგილზე დგას:

„ყველამ იცის, რომ ამერიკა განათლების დონის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ძლიერია. მეც გადავწყვიტე ეს საკუთარ თავზე გამომეცადა.“

ნინა იმ ათასობით სტუდენტს შორისაა, ვინც შეერთებულ შტატებში სასწავლებლად ჩამოვიდა. მათ შორის ყველაზე მეტი ანუ 235 ათასი სტუდენტი ჩინეთზე მოდის. შემდეგ სიაში ინდოეთი, სამხრეთ კორეა და საუდის არაბეთი დგას.

ჟენ ჟუ ამბობს, რომ ამერიკამ მის მოლოდინს გადააჭარბა. ყველაზე მეტად კი ის მაინც ამერიკელებმა გააოცეს:

„არ მეგონა, თუ ამერიკელები ასეთი გულისხმიერი ადამიანები იყვნენ.“

ჟენ ჟუს თქმით, შეერთებულ შტატებში მან მეგობრების გარდა ამერიკაზე განსხვავებული წარმოდგენაც შეიძინა.

თუმცა ალან გუდმანი, რომელიც საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის პრეზიდენტია ამბობს, რომ კულტურული ურთიერთობა ორმხრივ გზას წააგავს:

„საერთაშორისო სწავლება ზოგადი განათლების ნაწილად უნდა იქცეს. ახალგაზრდები უნდა წავახალისოთ, ისინი კოლეჯში პასპორტით უნდაა შემოვიდნენ, რათა მომავალი 4 წლის განმავლობაში ამ პასპორტის გამოყენება შეძლონ."

მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა რაოდენობამ ამერიკაში იმატა, ამერიკელი სტუდენტები უცხოეთში ერთ სემესტრზე მეტს მაინც არ რჩებიან.

ნინა დომინიკის თქმით, ეს ძალზე არასასიამოვნოოა:

„აქ ჩამოსვლის შემდეგ გავანაალიზე, რომ ჩვენ ამერიკის შესახებ ძალზე ბევრი რამ ვიცით, მათ კი ჩვენს ქვეყნებზე წარმოდგენა არ აქვთ.“

ამერიკაში ასევე კრიტიკას იმსახურებს საემიგრაციო კანონიც, რომელიც მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის უცხოელ სტუდენტს ანიჭებს უფლებას, იცხოვროს და იმუშაოს შეერთებულ შტატებში.

კანონმდებლები ცდილობენ, რომ გამორჩეულ და საუკეთესო უცხოელ სტუდენტებს ამერიკაში მეტი პერსპექტივა მისცენ. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტში განათლების და კულტურის საქმეთა მდივნის ასისტენტის ევან რაიანის განცხადებით, დღევანდელი საემიგრაციო კანონი ამერიკის პოლიტიკის ნაწილია:

„ჩვენი მისიაა, ამერიკაში ხალხი განათლების მისაღებად ჩამოვიყვანოთ. თუმცა შემდეგ ისინი საკუთარ სამშობლოს უნდა დაუბრუნდნენ. ეს არის ერთადერთი გზა, რაც ჩვენს შორის ორმხრივ ურთიერთობას განამტკიცებს.“

ჟენ ჟუ ეთანხმება მოსაზრებას, რომ განათლება მსოფლმხედველობას აფართოვებს, რაც გლობალური კონფლიქტების შემცირებას უწყობს ხელს:

„თუ ჩვენ კულტურული ურთიერთობის მიზნით, ჩინელები სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოგვყავს, მოდით, ახლა საშულება მივცეთ ამერიკელ სტუდენტებს, ჩინეთში წავიდნენ და ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას შეუწყონ ხელი. ჩემი აზრით, ეს პრობლემას გარკვეულწილად გადაჭრის.“

საერთაშორისო სტუდენტების სწავლის საფასური ამერიკის ეკონომიკას ყოველწლიურად 24 მილიარდი დოლარით ამდიდრებს. ამ სტუდენტთა უმეტესობა კალიფორნიის, ნიურ იორკის და ტეხასის შტატის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ჩამოდის სასწავლებლად.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG