ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის გეოპოლიტიკაზე ნავთობს გავლენა აღარ ექნება


ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ამერიკის ენერგო მარაგი მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს

ჯონ მიჩელი ლონდონში დაფუძნებული ჩატემ ჰაუსის ენერგო პოლიტიკის ანალიტიკოსია. მისი თქმით:

„ამის მიზეზი ქანური წარმოშობის ნავთობის მოპოვების გააქტიურებაა. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ამ მეთოდით ნავთობის მოპოვებამ განსაკუთრებით დიდ პროპორციებს მიაღწია.“

ქანური ენერგორესურსების მოპოვება ჰიდრავლიკური ტეხვის მეთოდით ხდება, რომელიც მაღალი წნევით სითხის ნაკადით ქანებიდან ენერგორესურსების გამოტანას გულისხმობს. ამერიკის ზოგიერთი შტატი და ევროპის სახელმწიფოები ამ მეთოდის გამოყენებაზე უარს აცხადებენ გარემოს დაცვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, არსებობს შეორია, რომ ჰიდრავლიკურმა ტეხვამ შეიძლება მიწისძვრები გამოიწვიოს.

მოპოვების მეთოდთან დაკავშირებული დავის მიუხედავად, ამერიკას 2035 წლისთვის ნავთობის იმპორტი აღარ დასჭირდება, ხოლო ბუნებრივი აირის წარმოების მხრივ კი ამერიკა დღეს მსოფლიოს უმსხვილეს გაზის მწარმოებელ ქვეყანას - რუსეთს - გაუსწრებს.

მიჩელი ამბობს, რომ ენერგო უსაფრთხოება ამერიკაში განხილვის თემა მალე აღარ იქნება.

„ახლო აღმოსავლეთი კვლავ იქნება მერიკის სამხედრო დახმარებაზე დამოკიდებული? სავარაუდოდ კი. ინტერესები ამ შემთხვევაში ამერიკას შეეცვლება.“

ენერგო-დამოუკიდებელი ამერიკა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სავარაუდოდ შიდა პოლიტიკას შეცვლის. კრისტოფერ დევიდსონი ბრიტანეთის დურემის უნივერსიტეტის პროფესორია:

„სავარაუდოდ, ამერიკა სპარსეთის ყურის მონარქიების მიმართ საკუთარ პოლიტიკას უკეთესად განახორციელებს.“

ამერიკის მოკავშირე ბაჰრეინში 2011 წლის შემდეგ არაბული გაზაფხულის მსგავსი დემონსტრაციები პერიოდულად ეწყობა.

დევიდსონი ამბობს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების დიდი ნაწილი სოციალური სიმშვიდის შესანარჩუნებლად მოსახლეობას სახელმწიფო შემწეობას ურიგებს. თუ ნავთობის ექსპორტი და მასთან ერთად ქვეყნის შემოსავალი შემცირდა, ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა პოლიტიკური არეულობა დაიწყოს.

„სულ ორიოდე წელში ზოგიერთ მონარქიაში საჯარო დანახარჯების დეფიციტი დაიწყება. ამასთან, არაბულმა გაზაფხულმა და სირიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენებმა ხალხს საკუთარი ძალა დაანახა. მონარქიების მოსახლეობას აღარ სურს ავტოკრატიულ სახელმწიფოებში ცხოვრება.“

დევიდსონი ამბობს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ეცდებიან საექსპორტო ბაზარი აღმოსავლითით გააფართოონ.
„თუმცა ამ სცენარს უსაფრთხოების გარანტიები არ უკავშირდება, რომელსაც დასავლეთი სპარსეთის ყურის ზოგიერთ ქვეყანას აწვდიდა. სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან პოლიტიკური თამაშია ის, რომ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველმყოფად ისინი დასავლეთს ჩინეთს და აზიის სხვა ქვეყნებს ჩაანაცვლებენ. ეს ქვეყნები ასეთი გარანტიების მიწოდებას ვერ შეძლებენ.“

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ნავთობის ბუმი ამერიკას ეკონომიკურ უპირატესობას მიანიჭებს. გარდა ამისა, ენერგო-დამოუკიდებლობასთან ერთად, ვაშინგტონის გეოპოლიტიკა ნავთობთან აღარ იქნება დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG