ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარტინ ლუთერ კინგის დღე


ამერიკაში დღეს სახელგანთქმული უფლებადამცველის, მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს აღნიშნავენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:45 0:00
ბმული

დღეს შეერთებულ შტატებში მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს აღნიშნავენ. სახელგანთქმული უფლებადამცველი 15 იანვარს დაიბადა, თუმცა 1983 წლიდან, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, იანვრის ყოველი მესამე ორშაბათი კინგის საპატივცემულოდ, ფედერალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული.

მარტინ ლუთერ კინგი 1929 წელს ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში დაიბადა. მან ყველაზე დიდი ყურადღება პირველად 1955 წელს მიიქცია, როცა მისი ლიდერობით ალაბამას შტატის ქალაქ მონტგომერიში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე სეგრეგაციის წინააღმდეგ მასობრივი ბოიკოტი გამოცხადდა. კინგი მოგვიანებით ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლთა ლიდერი გახდა.

1964 წელს კინგს ნობელის პრემია მიენიჭა. სწორედ იმ წელს, როცა ხელი მოეწერა კონონს არამარტო საზოგადოებრივ ადგილებში სეგრეგაციის დასრულების შესახებ, არამედ დისკრიმინაციის წინააღმდეგ რასის, ფერის, რელიგიის, თუ სქესის მიხედვით. მარტინ ლუთერ კინგი 1968 წლის 4 აპრილს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მოკლეს.

მარტინ ლუთერ კინგის არაძალადობრივი მოძრაობის შთაგონების წყარო ინდოელი ლიდერის, მაჰათმა განდის სწავლება იყო. კინგმა მთელ სამხრეთში სააშკარაოზე გამოიტანა იქ არსებული რასობრივი შეუწყნარებლობა.

მარტინ ლუთერ კინგი ამბობს:
„მისისიპი ის შტატია, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგებოდა რასიზმის მოცილებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯებს.“

კინგის მეთაურობით მილიონობით შავკანიანი გამოვიდა ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტის გამოსათქმელად, რასაც თან ერთვოდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და ეკონომიკური ბოიკოტი.

არაძალადობრივი მოძრაობის გამოცდა მოხდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა ალაბამის შტატის ქალაქი ბირმინჰემი. ვილიამ ბელი ამ ქალაქის ამჟამინდელი მერია.

ვილიამ ბელი ამბობს:
„მაშინ ისეთი დრო იყო, რომ ადამიანებს კლავდნენ, სახლებს აფეთქებდნენ, ეკლესიებს აფეთქებდნენ და ისეთი შეგრძნება სუფევდა, რომ ბოროტება გაიმარჯვებდა.“

1965 წლის მარტში, ალაბამას შტატის ქალაქ სელმაში, საარჩევნო უფლებებისათვის გამართული მსვლელობა ისტორიაში „სისხლიანი კვირის“ სახელით შევიდა. მსვლელობას კონგრესმენი ჯონ ლუისი უძღვებოდა.

კონგრესმენი ჯონ ლუისი ამბობს:
„ისინი ჩვენსკენ წამოვიდნენ და გვცემდნენ ხელკეტებით, გვთელავდნენ ცხენებით, გვწამლავდნენ ცრემლსადენი გაზით. შტატის პოლიციელმა თავში ხელკეტი ჩამარტყა, ხიდზე ყოფნისას ტვინის შერყევა მომივიდა და მეგონა მოვკვდებოდი.“

კინგის უახლოესმა თანაშემწემ, ენდრიუ იანგმა, საყოველთაო აღშფოთების ფონზე, მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ენდრიუ იანგი ამბობს:
„ჩვენ, შავკანიანებს, ამერიკის ქალაქებში პარტიზანული ომი რომ დაგვეწყო, ამერიკაში ტერორიზმისთვის რომ მიგვეცა გასაქანი, ვერ გავიმარჯვებდით, მაგრამ ამერიკაც ვერ გადარჩებოდა.“

ბირმინჰემის კადრები, სადაც პოლიციელები სკოლის ბავშვების საპროტესტო დემონსტრაციის დასაშლელად ძაღლებს და სახანძრო წყლის ჭავლს იყენებენ, მთელს მსოფლიოში გადაიცა. „სამხრეთის სიღატაკის კანონის ცენტრის“ ადვოკატი რიჩარდ კოენი საუბრობს შთაბეჭდილებაზე, რაც იმ ფოტოებმა მოახდინა.

„ძალადობა მჩაგვრელებმა განახორციელეს და არა დაჩაგრულებმა. ეს იყო დაუჯერებლად ძლიერი გზავნილი და მიმდინარე მოძრაობისათვის დაუჯერებლად მნიშვნელოვანი იარაღი.“

1963 წლის აგვისტოში ათასობით აფროამერიკელი და თეთრი შეიკრიბა ვაშინგტონისკენ მსვლელობისთვის. მსვლელობა მშვიდობიანი იყო და დაპატიმრებები არ ყოფილა.

ვაშინგტონისკენ მსვლელობიდან სულ რამდენიმე კვირაში ბირმინჰემში ტრაგედია დატრიალდა. მეთექვსმეტე ქუჩაზე მდებარე ბაპტისტური ეკლესიის ქვეშ, საკვირაო სკოლის გაკვეთილის დროს ბომბი აფეთქდა. ოთხი პატარა გოგონა დაიღუპა და 23 დაშავდა. დოქტორ კინგის სამოქალაქო უფლებების მოძრაობისთვის ეს საშინელი დარტყმა იყო.

ერთ-ერთი მსხვერპლის მეგობარს, შირლი გავინ ფლოიდს ამ მკვლელობამ ტრავმა მიაყენა.

სამოქალაქო უფლებების აქტივისტი შირლი გავინ ფლოიდი ამბობს:
„მეშინოდა თეთრკანიანი ადამიანისთვის შემეხედა. მეშინოდა წავსულიყავი სადმე, სადაც ვფიქრობდი რომ თეთრები იქნებოდნენ. რადგან ნამდვილად მჯეროდა, რომ ასეთი რამ შეიძლებაოდა მეც შემმთხვეოდა.“

ბევრ შავკანიანს შურისძიება სურდა. მათ შორის იყო კონგრესმენი ბობი რაში, რომელიც სამოციან წლებში, „შავ პანტერებად“ წოდებული შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო.

ბობი რაში ამბობს:
„მე ვფიქრობდი, რომ დოქტორი კინგი ზედმეტად უხერხემლო და ზედმეტად პასიური იყო. მე ასევე არ მესმოდა არაძალადობრივი მოძრაობის ძალა. ამიტომ მისი ფილოსოფია არ გავიზიარე და მეორე ლოყა არ მივუტრიალე დასარტყმელად.“

სამოქალაქო უფლებებისთვის არაძალადობრივ მოძრაობას, ზოგიერთი ლიდერი ამერიკის მეორე სამოქალაქო ომს უწოდებს. ფერადკანიანი მოსახლეობის ხელშეწყობის ეროვნული ასოციაციის, ქვეყანაში სამოქალაქო უფლებების უძველესი ორგანიზაციის, პრეზიდენტი ბენ ჯელოსი ამბობს, რომ არაძალადობრივმა კამპანიამ ამერიკელთა სიმპათია დაიმსახურა.

„მოძრაობა პიკისკენ მიემართებოდა, რაც გამოჩნდა 1964 და 1965 წლებში, როცა სამოქალაქო უფლებების დარგში პრინციპული კანონმდებლობა იქნა მიღებული.“

ისტორიკოსები ამბობენ, რომ ზოგიერთი წარუმატებლობის მიუხედავად, არაძალადობრივმა მოძრაობამ მოიტანა შორს მიმავალი შედეგები ყველა ამერიკელისთვის თანაბარი უფლებების და თავისუფლებების მინიჭების საქმეში.
XS
SM
MD
LG