ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს


მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკის საფონდო ბირჟას საზეიმო ვითარებაში დახურავს და კონკორდიას სამიტზე სიტყვით გამოვა

25 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 68 სესიას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. ეს გამოსვლა მიხეილ სააკაშვილისთვის გაეროს უმაღლესი ტრბუნიდან ბოლო მოხსენებაა. ქართველმა ლიდერმა მიმართვის უმეტესი ნაწილი რუსეთის იმპერიულ ინტერესებს მიუძღვნა კავკასიის რეგიონში, უკრაინასა და მოლდოვაში.

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი მმარველობის წლები გაიხსენა და თქვა, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში, ქვეყანაში რეფორმები განხორციელდა და აღნიშნა, რომ მიღწეულით ამაყობს.

"ჩვენ საქართველო, პირდაპირი გაგებით, წყვდიადიდან გამოვიყვანეთ და ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოცნებას დავუახლოვეთ მეტად, ვიდრე ოდესმე. -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე განმარტებით, ამ გზაზე შეცდომებიც დაუშვეს და ზოგჯერ "ძალიან შორსაც წავიდნენ".

"ჩვენ ვართ და უნდა დავრჩეთ ერად, რომელიც ერთიანია ისტორიული მიზნის მისაღწევად - თავისუფალი და დემოკრატიული ერების ევროპულ ოჯახში შესაბიჯებლად, რომლის მისაღწევად პირადად ის ბევრს იშრომებს."

პრეზიდენტმა საქართველოს მიმდინარე ოკუპაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ მშვიდობის პირობებში საქართველომ ტერიტორიები არ უნდა დაკარგოს.
პრეზიდენტის გამოსვლის დროს, გაეროში რუსეთის დელეგაციამ დარბაზი დატოვა და მოგვიანებით გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები რუსოფობიური და ანტი-მართლმადიდებლური იყო. რუსეთის დელეგაციამ აღნიშნა, რომ საბედნიეროდ ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა-ადამიანისა, რომლის ფსიქიური მდგომარეობა პროფესიულ შეფასებას საჭიროებს, მალე დასრულდება.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში აგრძელებს ვიზიტს. მოგვიანებით იგი ნიუ იორკის საფონდო ბირჟას საზეიმო ვითარებაში დახურავს და კონკორდიას სამიტზე სიტყვით გამოვა. შაბათს კი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში გეგმავს ჩამოსვლას.
XS
SM
MD
LG