ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალგაზრდების დასაქმების უფერული პერსპექტივა


People wait in line to meet with recruiters during a job fair in Melville, New York July 19, 2012.

გლობალური ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებულ გამანადგურებელ ზეგავლენას ახდენს 15-დან 24 წლამდე ადამიანებზე

ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, 75 მილიონი ახალგაზრდაა დაუსაქმებელი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაში ნათქვამია, რომ ევრო-კრიზისის განვითარებული სახელმწიფოებიდან გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებზე გავრცელების ფონზე, ახალგაზრდებს შორის უმუშევართა რაოდენობა გაიზრდება. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ლიზა შლეინი მოგვითხრობს ჟენევიდან, სადაც ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, გლობალური ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებულ გამანადგურებელ ზეგავლენას ახდენს 15-დან 24 წლამდე ადამიანებზე, რომლებიც შრომის ბაზარზე შეღწევას ცდილობენ.

კვლევის თანახმად, ევრო-კრიზისის გავლენა ევროპის საზღვრებს სცილდება და აღმოსავლეთ აზიიდან ლათინურ ამერიკამდე ქვეყნების ეკონომიკურ [განვითარებას] აფერხებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი 25 პროცენტს აღემატება და კვლავ მატულობს.

როგორც ანგარიშის მთავარმა ავტორმა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გლობალური დასაქმების ტენდენციების განყოფილების უფროსმა, ეკეჰარდ ერნსტმა „ამერიკის ხმასთან” საუბარში განაცხადა, პროგნოზის მიხედვით, ვითარება ახლო აღმოსავლეთში მომდევნო ხუთი წლის მანძილზე კიდევ უფრო გაუარესდება.

„ამჟამად, ვხედავთ, რომ ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი რეგიონში 26 პროცენტია, რაც, მოსალოდნელია, რომ 2017 წლისათვის 28 პროცენტზე მეტი იქნება. ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ვითარება შედარებით უკეთესია იმ მხრივ, რომ მომავალი ხუთი წლის მანძილზე მცირედ კლებას ვხედავთ, თუმცა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებლიდან. საშუალოდ, ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი 27 პროცენტს აღემატება აღნიშნულ რეგიონში,” - ამბობს ეკეჰარდ ერნსტი.

კვლევაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდების უმუშევრობა აღმოსავლეთ აზიაში წელს 9.5 პროცენტით, ხოლოდ 2017 წლისთვის - 10.4 პროცენტით გაიზრდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი სუბსაჰარის აფრიკაში შედარებით სტაბილურია და წლების მანძილზე დაახლოებით 12 პროცენტს შეადგენს. კვლევის მიხედვით, კონტინენტზე ნავარაუდევი იყო ახალგაზრდების შრომის ბაზრის სწრაფი გაუმჯობესება, თუმცა, ახლა, აღნიშნულის მისაღწევად უფრო მეტი დრო იქნება საჭირო.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თქმით, ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის დონის კლება მხოლოდ განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებშია ნავარაუდევი. ანგარიშში აღნიშნულია თანდათანობითი კლების შესახებ 17.5 პროცენტიდან წელს 15.6 პროცენტამდე 2017 წლისათვის.

კვლევის ავტორი, ერნსტი, გადაჭარბებულ ოპტიმიზმთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენს. მისი თქმით, უმუშევართა კლებადი მაჩვენებელი განვითარებად ქვეყნებში ნაკლებად უკავშირდება ახალგაზრდების დასაქმების ზრდას.

„სამუშაოს ბევრი ახალგაზრდა მაძიებელი იმედგაცრუებულია და შრომის ბაზარს ტოვებს. ისინი პასიურნი ხდებიან, სახლში ჯდებიან და იმედი აქვთ, რომ რაღაც მომენტში, მომავალში, ვითარება გაუმჯობესდება. თუმცა, პრინციპში, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აქტიურად არ არიან დაკავებულნი სამუშაოს მოძიებით, რაც შემგომში მათთვის უაღრესად გართულდება. რეალურად, იმაზე რთული იქნება, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო.”

ამ მზარდი პრობლემის გადასაჭრელად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ისეთი მიზანმიმართული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს, როგორიცაა დასაქმების გარანტიები და ტრენინგები, რაც სამუშაოს ახალგაზრდა მაძიებლებს ქუჩას ჩამოაშორებს და მათ სასარგებლო საქმიანობაში ჩართვას შეუწყობს ხელს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდებისათვის დასაქმების საგარანტიო პროგრამები მოქმედებს ავსტრიაში, დანიაში, ფინეთში, ნორვეგიაში, შვედეთსა და ლატვიაში. ამ პროგრამების წყალობით ახალგაზრდა ადამიანების შრომის ბაზარზე დაბრუნება გახდა შესაძლებელი.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ეკეჰარდ ერნსტის თქმით, ასეთი ტიპის გეგმების განხორციელება ევროპის ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარ პროცენტზე ნაკლები იქნება. ერნსტი ითვალისწინებს, რომ ეს მნიშვნელოვანი თანხაა კრიზისში მყოფი ქვეყნებისათვის. თუმცა, აღნიშნავს, რომ გაცილებით ნაკლებია იმ ხარჯებთან შედარებით, რაც იმ ახალგაზრდა უმუშევრებს უკავშირდება, რომლებიც მუდმივად კარგავენ შეხების წერტილს შრომის ბაზართან.
XS
SM
MD
LG