ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საელჩოების დახურვა გამართლებული იყო


„ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ასეთ დროს გარისკვა არ შეიძლება, შეიძლება საშინელება დატრიალდეს“ - გრემ ბანერმანი

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:52 0:00
ბმული

მთელ რიგ მუსლიმურ სხელმწიფოებში და მათ ახლომდებარე ქვეყნებში შეერთებულმა შტატებმა საელჩოები და საკონსულოები ერთი კვირის ვადით დახურა. ობამას ადმინისტრაცია ამ ნაბიჯს უსაფრთხოების მოსაზრებით ხსნის. როგორც ჩანს, გასულ წელს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამერიკის საელჩოზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, შეერთებული შტატები მეტ სიფრთხილეს იჩენს.

ქაბულში და ბაღდადში საელჩოების მუშაობა აღდგა, თუმცა 19 ქვეყანაში დიპლომატიური მისიების უმრავლესობა ფუნქციონირებას მხოლოდ მომავალი კვირიდან განაახლებს. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება რისკფაქტორების ანალიზის შედეგად იქნა მიღებული.

„ვაგრძელებთ მონაცემთა განახლებას და საფრთხის შეფასებას. ახალ ინფორმაციასთან ერთად, უსაფრთხოების საჭიროებათა ევალუაცია მოხდება და გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მივიღებთ“ - აცხადებს მარი ჰარფი, სახელმწიფო მდივნის მოადგილის სპიკერი.

ზოგიერთი მისია, როგორიცაა ქაიროს საელჩო, ძალიან დიდი რაოდენობით ამერიკელ ტურისტს ემსახურება. მართალია, მათი რაოდენობა შეიზღუდა, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტს მიაჩნია, რომ როგორც ამერიკელებს, ასევე უცხოელებს, რომელთაც შეერთებული შტატების მისიასთან ჭირდება კონტაქტი, მათთან დაკავშირება ინტერნეტის საშუალებით მაინც უნდა შეეძლოს.

„აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საელჩოების და საკონსულოების გახსნას უფრო ვარჩევდით. მათი საჭიროება აშკარაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ არც გვექნებოდა გახსნილი მისიები ამ ქვეყნებში“ - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.

ოფიციალური პირების განცხადებით, მოსალოდნელ იერიშებში შესაძლოა იემენში ბაზირებული ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ძალები მონაწილეობდნენ, რომელთა სამიზნე დასავლური ინტერესებია. ამიტომაც იემენის დედაქალაქ სანააში საელჩო მთელი კვირის მანძილზე დახურული რჩება.

ახალი ამბების სააგენტოები აცხადებენ, რომ დიპლომატიური მისიების დახურვა პაკისტანში ალ-ყაიდას მეთაურის, აიმან ალ-ზავაჰირს და ალ-ყაიდას არაბეთის ნახევარკუნძულის ლიდერს შორის კომუნიკაციის ხელში ჩაგდების გამო მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის ობიექტი, როგორც ჩანს, დასახელებული არ იყო.

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ერაყში, თურქეთში და ალბანეთში, ჯეიმს ჯეფრი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარია, ამბობს, რომ კომუნიკაციის ანალიზი საკმაოდ რთული პროცესია.

მისი განმარტებით, საქმე კოდურ ენასთან აქვთ. „ეს არის ენა, რომელიც საგნის ირგვლივ ტრიალებს. ზოგჯერ ადგილი აქვს საუბრის გახშირებას. ბევრი ფაქტორია, რომელსაც მსგავს დასკვნამდე მიყავხარ. დავუშვათ, იმ აზრამდე, რომ მათ რაიმე დიდი საქმე აქვთ ჩაფიქრებული, რაც შეერთებულ შტატებსაც მოიცავს“ - ამბობს ჯეიმს ჯეფრი.
ინფორმაციის სერიოზულობაზე ისიც მიუთითებს, რომ სანააში საელჩოები არამარტო შეერთებულმა შტატებმა, არამედ დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამაც დახურეს და ისინიც, ამერიკის მსგავსად, მუშაობის განახლებას სულ ცოტა, ერთი კვირის მანძილზე არ გეგმავენ.

ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის მკვლევარ, გრემ ბანერმანს მიაჩნია, რომ საელჩოების უსაფრთხოება, ისეთ არასტაბილურ რეგიონში, როგორიც ახლო აღმოსავლეთია, ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. „როგორც დიპლომატიური სამსახურის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა, საელჩო ასეთ დროს უნდა დახურო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ასეთ დროს გარისკვა არ შეიძლება, შეიძლება საშინელება დატრიალდეს“ - ამბობს მკვლევარი.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ შეერთებული შტატების მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომები ადეკვატურია. მათი აზრით, უხერხული შეცდომის დაშვება და ზედმეტი სიფრთხილე ჯობია ისეთი რისკის გაწევას, რომელსაც შესაძლოა ადამიანების სიცოცხლის დაკარგვა მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG