ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ეგვიპტეს დიალოგისკენ მოუწოდებს


ობამას ადმინისტრაცია და კონგრესი ეგვიპტის სამხედრო დახმარების საკითხზე კონსულტაციებს მართავენ

ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა ეგვიპტეში მომხდარი მოვლენები შეაფასა და სამხედროებს მაქსიმალური თავშეკავებულობისკენ მოუწოდა. ამერიკის ხმის თეთრი სახლის კორესპონდენტი დენ რობინსონი იმაზე საუბრობს, რომ შეერთებული შტატები ეგვიპტელებს პოლიტიკური შეუთანხმებლობის მიუხედავად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

თეთრი სახლის პრეს მდივანი ჯეი კარნი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კვლავ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ეგვიპტეში არსებული დაპირისპირებით და „პოლიტიკური პოლარიზაციის საშიშ ფაზაში გადასვლაზე“ საუბრობს.

ეს შეფასებები ორშაბათს გაკეთდა, როცა ეგვიპტეში გასულ კვირას სამხედროების მიერ მოჰამედ მორსის გადაყენების შემდეგ ყველაზე სისხლიან ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

სამხედროებისა და პოლიციელების „მუსლიმთა საძმოს“ მხარდამჭერებს შორის შეტაკება ქაიროში რესპუბლიკური გვარდიის შენობის გარეთ მოხდა. გარდაცვლილია 51 ადამიანი, ბევრად მეტია დაზიანებული პირი.

კარნიმ დაღუპულთა და დაშავებულთა მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. ეგვიპტელ სამხედროებს კი მან თავშეკავებულობისკენ მოუწოდა. მან ასევე „მუსლიმთა საძმოს“ მიერ ძალადობის შემცველი მოწოდებები გააკრიტიკა.
მან თქვა, რომ „ ეგვიპტელების დემოკრატია და სტაბილურობა საფრთხეშია.“ მისი განცხადებით „ ეგვიპტე ამ კრიზისიდან ვერ გამოვა, ვიდრე ეგვიპტელები თავად არ გაერთიანდებიან იმ იდეის გარშემო რომ სიტუაციიდან გამოსვლის არაძალადობრივი და ერთადერთი გზა მოძებნონ.“

ჯეი კარნი: შეერთებული შტატები ეგვიპტეში მოქმედ არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას თუ ჯგუფს არ უჭერს მხარს. ყველა მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს. ამერიკის სურვილია ეგვიპტის მოსახლეობას დაეხმაროს, ვინაიდან ეგვიპტეში შექმნილი დემოკრატიული პროცესები კონტროლიდან არ უნდა გამოვიდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჯენ პსაკიმ დაადასტურა შეერთებული შტატების კავშირი ეგვიპტეში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორისაა „მუსლიმთა საძმო“ და თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია, თუმცა პრეს-სპიკერი დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ ავრცელებს.

ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე-მორსის ჩამოგდების შემდეგ რატომ უნდა მოუსმინოს მუსლიმთა საძმომ შეერთებული შტატების მოწოდებებს პოლიტიკური პროცესების მოგვარების საქმეში, პსაკიმ ფრთხილი პასუხი გასცა.

ჯენ პსაკი: დემოკრატიული პროცესი მხოლოდ ბიულეტენის ყუთში ჩაგდებას არ გულისხმობს. არსებობს სხვა ფაქტორებიც, მათ შორის არის ისიც, თუ როგორ მოქმედებს კონკრეტული ძალა ან როგორ მართავს ხელისუფლება ქვეყანას. ამის შესახებ ეგვიპტის მილიონობით მცხოვრებიც საუბრობს. ჩვენ არ განვსჯით მათ, თუმცა ეს რეალური ფაქტორია.

ორშაბათს, თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დიდი ნაწილი დაეთმო კრიტიკულ გადაწყვეტილებას, რომლის წინაშე პრეზიდენტი ობამა და კონგრესი აღმოჩნდა. საკითხი ეხება ეგვიპტის ყოველწლიურ სამხედრო დახმარებას, რომელიც 1.3 მილიარდს შეადგენს.

ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, დამხარება უნდა შეწყდეს, თუკი ადგილი აქვს არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებით დამხობის შემთხვევას.

კარნი აცხადებს რომ ობამას ადმინისტრაციის ინტერესებში არ შედის დახმარების მოულოდნელად შეწყვეტა, თუმცა დაამატა რომ კონსულტაციები ამ თემაზე ხელისუფლების მაღალ წრეებში ისევ გრძელდება.

ჯეი კარნი: ეს შეერთებული შტატების ინტერესების გათვალისწინებით არ იქნებოდა საუკეთესო გადაწყვეტილება. კანონის ფარგლებში განიხილება ამერიკის ვალდებულებები. დაგეგმილია კონსულტაციის გამართვა კონგრესთან დახმარების იმ პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც ეგვიპტის სახელმწიფოს მიმართ ხორციელდება.

ვაშინგტონის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ექსპერტი ერიკ ტრეიგერი ამბობს, რომ ობამას ადმინისტრაცია ეგვიპტეში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საკმაოდ რთულ პრობლემებს ეჯახება.

ერიკ ტრეიგერი: „მუსლიმთა საძმო“ არ აპირებს არანაირი სცენარის მიღებას მორსის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ფიქრობენ რომ მისი გადაყენების იდეა სხვამ მოიპარა და განახორციელა, ამ პირობებში პოლიტიკური პროცესების გაკონტროლების პრობლემა რეალურად დგას. იმავდროულად, სამხედროები, რომლებმაც მორსი ჩამოაგდეს, ხვდებიან, რომ სხვა გამოსავალი არ დარჩენიათ, გარდა იმისა რომ მუსლიმთა საძმოს ბრძოლა გამოუცხადონ. ამგვარ სიტუაციაში, ორივე მხარე საკუთარ ორმოს თხრის, დარწმუნებულნი არიან რომ ეს მათი ექსკლუზიური უფლებაა, რაც შეერთებული შტატებისთვის ძალიან რთული იქნება, რომ რომელიმე მხარესთან სიტუაციის წარმართვის კუთხით წარმატებას მიაღწიოს.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ორშაბათს განაცხადა, რომ გარდამავალი პერიოდი ეგვიპტეში უნდა იყოს „გამოხატული უფრო შერიგების პროცესით, ვიდრე რეპრესიებით ან პოლიტიკური პროცესების უკუგდებით.“

შეერთებულმა შტატებმა ეგვიპტელ სამხედროებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების და ორგანიზაციების წარმომადგენელთა დაპატიმრებისგან. ასევე მედიის კონტროლისგან. შეერთებული შტატების ხელისუფლება პოლიტიკურ პარტიებს და ორგანიზაციებს დიალოგის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG