ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიქტორია ნულანდი კომენტარზე უარს ამბობს


სატელეფონო საუბრის ჩანაწერში, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა, სავარაუდოდ ვიქტორია ნულანდი მონაწილეობდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდი, უარს ამბობს კომენტარზე სატელეფონო საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა. ამერიკელი დიპლომატი მისი სავარაუდო მონაწილე იყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ჯენ ფსაკი და სხვა ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ჩანაწერის გამჟღავნებაში რუსეთის ხელი ურევია. საუბარია „იუ-თუბზე“ ხუთშაბათს ანონიმურად ატვირთულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც მოსაუბრეთა ხმები გავს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის -ვიქტორია ნულანდის და ჯეფრი პიატის - უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩის, ხმებს. დიალოგის მონაწილეები უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე საუბრობენ და ერთ-ერთ ეპიზოდში ქალის ხმა ევროკავშირს უცენზუროდ მოიხსენიებს. შეგახსენებთ, გუშინ ვიქტორია ნულანდი კიევში იმყოფებოდა და იქ უკრაინის მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯენ ფსაკის განცხადებით, ვიქტორია ნულანდი ევროკავშირის კოლეგებს დაუკავშირდა და მათ ბოდიში მოუხადა. თეთრი სახლის სპიკერმა ჯეი კარნიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერის შესახებ სოციალურ ქსელ „თვითერში“ ინფორმაცია პირველად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დმიტრი რაგოზინმა გაავრცელა. ამასთან, ორიგინალურ ვიდეოზე ტიტრები რუსულად არის დადებული.
XS
SM
MD
LG