ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 მუსლიმური ქვეყნიდან მგზავრს აშშ-ში ახლო ოჯახური, ან საქმიანი კავშირების დამტკიცება მოუწევს


შეერთებული შტატები იმ ახალი წესების ამოქმედებას იწყებს, რომელიც ექვსი მუსლიმური სახელმწიფოს მოქალაქეებისაგან ვიზების სანაცვლოდ აშშ-ში ახლო ოჯახური, ან საქმიანი კავშრების დამტკიცებას ითხოვს. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუშვებენ.

სააგენტო "ასოშეიტიდ პრესისა" და "როიტერის" ჟურნალისტებმა სახელმწიფო დეპარტამენტის გაუსაჯაროებელი დოკუმენტები ნახეს, რომელიც საკონსულო განყოფილების თანამშრომლებს ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს სავიზო დოკუმენტების განხილვის წესს უდგენს.

ახლო ოჯახური კავშირები გულისხმობს, რომ ვიზის მსურველ მოქალაქეს შეერთებულ შტატებში უნდა ჰყავდეს მშობელი, მეუღლე, შვილი, სრულწლოვანი ვაჟი, ან გოგო და და-ძმა. ვიზის მისაღებად საკმარისი არაა ბებიისა და ბაბუის, ბიცოლის, ბიძის, ძმიშვილის, ბიძაშვილის, სიძისა და რძლის, აგრეთვე საცოლის ან საქმროსა და შორეული ნათესავის ყოლა.

საქმიან კავშირში იგულისხმება ფორმალური, დოკუმენტებით დადასტურებული საქმიანი ურთიერთობები და არა საგანგებოდ შექმნილი რაიმე ბიზნესი, რომელიც სამოგზაურო აკრძალვის გვერდის ავლას ისახავს მიზნად. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მხოლოდ სასტუმროს ჯავშანი ამერიკული ვიზის მისაღებად საკმარისი არ არის. "ასოშეიტიდ პრესის" ცნობით, ახალი წესები ძალაში დღეს, ვაშინგტონის დროით საღამოს 8 საათზე შევა.

ახალი წესების ძალაში შესვლას წინ უსწრებდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნაწილობრივ აღადგინა პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება ზემოთხსენებული ქვეყნების მოქალაქეებისათვის აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს აღნიშნული განკარგულება მისი არაკონსტიტუციურობის გამო ჰქონდათ შეჩერებული. უზენაესი სასამართლო საქმის სამართლებრივი დეტალების განხილვას ოქტომბერში დაუბრუნდება.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი მგზავრებს არწმუნებს, რომ მარტისგან განსხვავებით, როდესაც სამოგზაურო აკრძალვის შემოღებას ქვეყნის აეროპორტებში ქაოსი მოჰყვა, უწყება ახალ წესებს უკეთ მომზადებული ხვდება.

პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს ზომები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, რათა ვიზის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სათანადო შემოწმებისათვის მთავრობას საკმარისი დრო ჰქონდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG