ვითარებაში ჩახედულმა ორმა პირმა სააგენტო “როიტერს” უთხრა, რომ პეკინის მიერ ჰონგ-კონგში დემოკრატიის შეზღუდვის გამო, შეერთებული შტატები ემზადება სანქციები დაუწესოს ჩინეთის ოფიციალურ პირებს, იქ მომუშავე საერთაშორისო კომპანიები კი პირობების გაუარესების შესახებ გააფრთხილოს.
წყაროების ცნობით, სანქციების სამიზნე ჩინეთის ჰონგ-კონგთან ურთიერთობის ოფისის შვიდი ოფიციალური პირი იქნება. ეს ოფისი არის ოფიციალური პლატფორმა, რომელიც ჩინეთის ამ ტერიტორიაზე პეკინის გავლენას ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ცალკე გამოცემული ბიზნეს საკონსულტაციო ბიულეტენი ხაზს უსვამს აშშ-ს მთავრობის შეშფოთებას იმ გავლენის თაობაზე, რაც ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონს საერთაშორისო კომპანიებზე ექნება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ პეკინმა გასულ წელს შემოიღო კანონი, რომელიც პროდემოკრატიული აქტივისტების და თავისუფალი პრესის შევიწროების საშუალებას იძლევა.
ორივე ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ ჰონგ-კონგისთვის გამიზნული ღონისძიებები ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა, პარასკევს გამართულ გეგმიურ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ შეერთებული შტატების ქმედებებს, ჩინეთი “გადამჭრელ, ძლიერ პასუხს” გასცემს.
აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა, შესაძლო სანქციების შესახებ მედიით გავრცელებულ ცნობებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
Facebook Forum