ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა რუსეთის პასუხად, შეიარაღების მიმართულებით კვლევას გაზრდის


ბირთვული იარაღის მატარებელი, რუსული ჰიპერბგერითი პლანერის საპასუხოდ, შეერთებული შტატები ჰიპერბგერითი შემტევი და თავდაცვითი იარაღის სფეროში კვლევას გააფართოებს.

თავდაცვის დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მიშელ ბალდენზამ „ამერიკის ხმას“ უთხრა: „ბევრი ათწლეულის განმავლობაში, შეერთებული შტატები ჰიპერბგერითი სისტემების კვლევის დარგში მსოფლიო ლიდერი იყო. ჩვენ ვარჩიეთ, ის იარაღად არ გადაგვექცია. ისინი, ვინც ჰიპერბგერითი ტექნოლოგიის იარაღად გადაქცევა გადაწყვიტა, საომარ ძალებში ასიმეტრიას ქმნიან და ამას პასუხი უნდა გავცეთ.“

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომელიც ახალი იარაღის ნიმუშის გამოცდას ხელძღვანელობდა, თქვა, რომ ამ იარაღისთვის გზის გადაკეტვა შეუძლებელია და მომავალი ათწლეულებისთვის, ის რუსეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მან ამ იარაღს „ხალხისთვის საუკეთესო საახალწლო საჩუქარი“ უწოდა.

იარაღი, რომელსაც „ავანგარდი“ უწოდეს, გაშვების შემდეგ, მატარებელ რაკეტას წყდება და დედამიწის მიმართულებით ბგერაზე სწრაფი სიჩქარით პლანირებს.

გამოცდის შემდეგ პუტინმა თქვა: „ავანგარდს“ გზას ვერ გადაუჭრის პოტენციური მოწინააღმდეგის ვერცერთი არსებული ან სამომავლო სარაკეტო თავდაცვითი საშუალება. პუტინმა განაცხადა, რომ მომავალ წელს, ეს იარაღი რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების ნაწილი გახდება.

გარკვეული დროის განმავლობაში, პენტაგონმა რუსული იარაღის განვითარების შესახებ იცოდა. მარტში პუტინმა დაიკვეხა, რომ ახალი სტრატეგიული ბირთვული იარაღის წყება ჰქონდა, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დარტყმა შეეძლო. მაშინ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა ჰაკაბი სანდერსმა თქვა, რომ პუტინმა მხოლოდ „დაადასტურა, რაც შეერთებული შტატების მთავრობამ ყოველთვის იცოდა.“

ბალდენზამ თქვა, რომ ახლა, შეერთებული შტატები ჰიპერბგერით იარაღზე ყურადღებას გაზრდის.

„ჩვენ იარაღის სხვადასხვა ვარიანტზე ვმუშაობთ, რომლის გამოყენებაც ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან მოხდება და მაღალი ღირებულების, კარგად დაცულ სამიზნეებს, შესაბამის დისტანციაზე რისკის ქვეშ ამყოფებს. ამის მეშვეობით, 2028 წლისთვის, ბრძოლის ველზე ჩვენი დომინირება უზრუნველყოფილი იქნება.“

იარაღის გამოცდა იმ დროს დაემთხვა, როდესაც ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული ჩარევის ბრალდების, უკრაინის კონფლიქტის და სირიაში ომის გამო, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა ისედაც მომატებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG