ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიიდან ჯარების გაყვანის სტრატეგიული საფასური


ამერიკის მიერ სირიიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ზიანის მომტანი შედეგები გამოიწვიოს, გაიზარდოს ტერორიზმის რისკი, დამატებით გააძლიეროს რუსეთი და ირანი, დაიძაბოს სიტუაცია ისრაელთან დაკავშირებით და რეგიონული ომიც კი დაიწყოს.

ოთხშაბათს ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიაში, ამერიკელ სამხედროებზე სასიკვდილო იერიში მიიტანა. ამ თავდასხმამ ბევრი სკეპტიკოსი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია და პრეზიდენტ ტრამპის მტკიცება, რომ ტერორისტული დაჯგუფება პრაქტიკულად განადგურებული და დამარცხებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.

სამხრეთ კაროლინელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული თანამოაზრე და მოკავშირეა, თქვა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებამ 2 000 ამერიკელი სამხედროს სირიიდან გაყვანის თაობაზე, ამერიკის მტრები გაამხნევა.

„პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით ის მაშფოთებს, რომ ამ წინადადებამ ამერიკის მტრებს დამატებით ენთუზიაზმი შესძინა“, - განაცხადა სენატორმა.

ამერიკასა და ევროპაში სერიოზულად წუხან იმაზე, რომ შესაძლოა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა რეორგანიზება, გადახალისება და ძალების მოკრება შეძლონ. ეს კი დასავლეთის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საშიშროებაა. ბევრის აზრით, ამერიკის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის წარმოამდგენლობა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ბოლომდე შეძლონ სამოქალაქო პირებს შორის დამალული ტერორისტების იდენტიფიცირება და დაჯგუფების განადგურება.

აარონ დავიდ მილერი, ვუდრო უილსონის ცენტრის ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსი ამბობს, რომ იმისათვის, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ სრულად განადგურდეს, სრულიად „ახალი სირიის“ რეალობაა საჭირო.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ამბობენ, რომ თავად ამერიკის მოწინააღმდეგეებიც კი, სირია, რუსეთი, ირანი და ამერიკის მოკავშირე თურქეთიც კი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ.

თუმცა, ამერიკის ჯარების მიერ ტერიტორიების დატოვება ნიშნავს, რომ ეს ტერიტორიები შეიძლება ირანულმა ძალებმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის განსახორციელებლად გამოიყენონ, რაც კიდევ უფრო ფართო სამხედრო კონფლიქტის საფრთხეს შექმნის.

მარკ კაცი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის მკვლევარი ამბობს, რომ შესაძლოა სწორედ ესაა სტრატეგიის ნაწილი. „მისცე უფლება სხვებს, იბრძოლონ. შემდეგ კი მათ ან ენდომებათ, რომ დავბრუნდეთ და მშვიდობა დავამყაროთ, ან არა. თუ არ ენდომებათ, მაშინ შეუძლიათ ერთმანეთს ებრძოლონ“, - ამბობს კაცი.

ადმინისტრაციის ოპონენტები ამბობენ, რომ იმ არც ისე ძლიერი სირიელი მოკავშირეების მიტოვებით, რომლებიც სირიის პრეზიდენტის ავტორიტარულ რეჟიმს ებრძვიან, და იმით, რომ სირიელი ქურთები თურქეთის თავდასხმის პირისპირ მარტონი რჩებიან, ამერიკის საერთაშორისო სანდოობა და იმიჯი დაზარალდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG