ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიცია ძალადობას ძალადობით პასუხობს


სირიის ოპოზიცია ძალადობას ძალადობით პასუხობს
სირიის ოპოზიცია ძალადობას ძალადობით პასუხობს

შეერთებული შტატები სირიის მთავრობას ძალადობრივი მეთოდებისთვის მკაცრად აკრიტიკებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ხელისუფლების უპასუხისმგებლობამ და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გამოჩენილმა სისასტიკემ ოპოზიციის მხრიდანაც ძალადობა წარმოშვა. ოთხშაბათს ამბოხებულთა მხარეს გადაბირებულმა ჯარისკაცებმა დამასკოსთან მდებარე სირიის სამხედრო აეროპორტზე მიიტანეს იერიში.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თანაშემწემ, მარკ ტონერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სირიულ კონფრონტაციაში ძალადობის გამოყენებას ორივე მხრიდან გმობს და ოპოზიციას აფრთხილებს, რომ შეიარაღებული შეტევები მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის, წისქვილზე ასხამს წყალს.

თუმცა, ბატონი ტონერი იმასაც აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ძალების მიერ ოთხშაბათს საავიაციო უშიშროების ბაზაზე განხორციელებული შეტევები სიტუაციის გათვალისწინებით სავსებით გასაგები და ლოგიკურია:

ამ სახის ძალადობა, რომლის მოწმეც ვართ, გასაკვირი არ არის. ვგმობთ ნებისმიერი გზით, სახით, თუ ფორმით განხორციელებულ ძალადობას. მაგრამ მოდით გარკვევით ვთქვათ, რომ ის, რაც ხდება, ასადის მკაცრი ტაქტიკის ბრალია. ოპოზიციამ მოძრაობა მშვიდობიანად დაიწყო. დღეს კი მოვლენები საშიში მიმართულებით ვითარდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში სირიის მთავრობა არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ მათ სასტიკ ანგარიშსწორებას ზუსტად ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა“.

სპიკერის თქმით, შეერთებულ შტატებს ოთხშაბათის თავდასხმის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გააჩნია. მათი მონაცემებით იერიში აეროპორტზე ე. წ. „თავისუფალი სირიის არმიამ“ განახორციელა, რომელიც ძირითადად სახელმწიფო უშიშროების გადამდგარი წევრებისგან შედგება. ამასთან ბატონმა ტონერმა დასძინა, რომ ამერიკას კონტაქტი აქვს სირიის ოპოზიციის გარკვეულ წრეებთან, მაგრამ არა - შეიარაღებულ დაჯგუფებებთან.

არაბულმა ლიგამ სირიას სამშვიდობო ხელშეკრულების პუნქტების შეუსრულებლობის გამო ორგანიზაციის წევრობის მანდატი შეუჩერა. რობინ რაითი ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტიდან აღნიშნავს, რომ ლიგის ამგვარი გადაწყვეტილება ისტორიულად ძალზე ფრთხილი რეგიონალური ორგანიზაციისთვის გარდატეხის მომენტი შეიძლება აღმოჩნდეს.

„არაბი ლიდერები უკვე ხვდებიან, რომ მათაც გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ და მათ საქციელს მთელი მსოფლიო შეჰყურებს. საკუთარ ქვეყნებშიც მოჰკითხავენ პასუხს და სირიის საკითხთან დაკავშირებით უმოქმედობის შემთხვევაში მათი ლეგიტიმურობა და ავტორიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაეროს მონაცემებით სირიაში 3 500 ადამიანია დაღუპული და დაახლოებით 70 000 - დაპატიმრებული“.

შეერთებული შტატების მთავრობა სირიაში ყოფილ ელჩს -რობერტ ფორდს- შემდეგ კვირას აგზავნის. თუმცა, დამასკოში უცხოურ საელჩოებზე თავდასხმები ჯერ კიდევ გრძელდება, ძირითადად - არაბული ლიგის წევრი ქვეყნების წარმომადგენლობებზე.

საფრანგეთის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმების გამო ოთხშაბათს ქვეყნის ელჩი ერიკ შევალიე დამასკოდან პარიზში გამოიძახეს.

ამერიკის ელჩიც ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის ოქტომბერში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სირიის ოპოზიციასთან შეხვედრების გამო მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით დიპლომატიური ურთიერთობა სირიასთან გრძელდება და საელჩოც მას შემდეგ ძველებურად ფუნქციონირებს.

XS
SM
MD
LG