ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში, კოვიდ 19-ით გარდაცვალების 700,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა


2 ოქტომბრის მონაცემებით, ამერიკაში კოვიდ 19-ით გარდაცვალების მაჩვენებელმა 700,000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ექსპერტები განმარტავენ, რომ ასეთი მაჩვენებელი დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების და მოსახლეობის აცრაზე უარის თქმითაა გამოწვეული. ჰოსპიტალიზებულთა დიდი უმეტესობა არაა ვაქცინირებული და ვირუსი მათ გაცილებით უფრო მარტივად ერევა.

ეს მაჩვენებელი იმას ნიშნავს, რომ ამერიკას კოვიდით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მონაცემები აქვს მსოფლიოში. მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 597,000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ინდოეთში ეს მაჩვენებელი 448,000-ს სცდება.

ფედერალური მთავრობა და შტატის მთავრობები, ასევე სხვადასხვა ლიდერები და ბიზნესები ცდილობენ, რომ ყველაფერი გააკეთონ ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლამდე სავალდებულოა ვაქცინაციის საბუთის წარდგენა. ასევე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ფედერალურ სააგენტოებში და სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ყველა ადამიანი ვალდებულია, რომ აიცრას.

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის თქმით კი, მისი შტატი ქვეყანაში პირველი გახდება, სადაც ვაქცინაცია სავალდებულო გახდება სტუდენტებისთვისაც. ამერიკაში ამ დროისთვის აცრა დაშვებულია 12 წელს ზევით მყოფი მოქალაქეებისთვის. თუმცა, ფარმაცევტული კომპანია ფაიზერი ამბობს, რომ მათი ვაქცინა უსაფრთხოა 5-12 წლის ბავშვებისთვისაც და ახლა ის ამერიკის შესაბამისი ორგანოებისგან ელოდება საბოლოო ნებართვას იმისთვის, რომ ბავშვების აცრის პროცესიც დაიწყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG