ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შტატები შეზღუდვებს ამკაცრებენ


ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კვირას 11 მილიონს გადააჭარბა. შემთხვევები 1 მილიონზე მეტით ზუსტად 1 კვირის განმავლობაში გაიზარდა. მხოლოდ პარასკევს ქვეყნის მასშტაბით 181 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 100 000-იან დღიურ ზღვარს კი ქვეყანამ 8 დღით ადრე მიაღწია. გასული კვირის განმავლობაში დიდი იყო მსხვერპლიც. პარასკევს 1 380-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. კვირის განმავლობაში კორონავირუსითა და მასთან დაკავშირებული გართულებებით გარდაცვლილთა რიცხვი საშუალოდ ყოველდღე 1 090 იყო. შტატების მმართველები გავრცელების შესაზღუდად ახალ შეზღუდვებს აწესებენ.

მიჩიგანის გუბერნატორის, გრეტჩენ უიტმერის ბრძანებით, კვების ობიექტების დახურულ სივრცეებში დაჯდომა აიკრძალა, დამამთავრებელი კლასებისა და კოლეჯის მოსწავლეები ონლაინ სწავლაზე გადავიდნენ, გაჩერდა ისეთი საჯარო დაწესებულებებიც, როგორებიცაა კინო-თეატრები და სამორინეები. სახლში შეკრებილი ადამიანების რაოდენობა კი 10-ს არ უნდა აღემატებოდეს.

"ჩვენ ახლა ამ პანდემიის ყველაზე უარეს მომენტში ვართ", - უთხრა უიტმერმა ჟურნალისტებს. "სიტუაცია ასეთი მწვავე არასდროს ყოფილა. ჩვენ უფსკრულის პირას ვართ და რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ".

ვაშინგტონის შტატში გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ დახურულ სივრცეებში კვება ასევე აკრძალა. მაღაზიებმა კი კლიენტების რაოდენობა ჩვეულებრივი ტევადობის 25 %-მდე უნდა შეამცირონ. ღია სივრცეებში შეკრება 5 ადამიანზე მეტს ეკრძალება, დახურულ სივრცეში კი ერთი ოჯახის წევრების ან ერთ სახლში მცხოვრები ადამიანების გარდა შეკრება აკრძალულია.

გასული კვირის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ახალი რეკორდი დამყარდა - 150 000 ახალი შემთხვევა დღეში. რამდენიმე შტატში განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება. ქვეყანაში კოვიდ-19-ით უკვე 246 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ეს მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნის მაჩვენებელზე მეტია.

სახლში დარჩენის შესახებ ბრძანებაა გაცემული ჩიკაგოში. მსგავს შეზღუდვებს უახლოეს მომავალში ელოდებიან ფილადელფიაშიც. 2-კვირიანი შეზღუდვებია დაწესებული ნიუ-მექსიკოს შტატში, ნიღბის ტარება სავალდებულოა ჩრდილოეთ დაკოტაში. ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა 48 შტატში ფიქსირდება. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, ექიმი ფაუჩი ამბობს, რომ თუკი ამერიკელები სიფრთხილეს არ გამოიჩენენ, ეფექტური ვაქცინის შემუშავების შემთხვევაშიც კი, გაზაფხულამდე შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა 200 000-ით გაიზარდოს.

ამ უქმეებზე 9 000-ით გაიზარდა ინფიცირების მაცვენებლები ნიუ-ჯერსიშიც. გუბერნატორმა თავყრილობებზე ახალი, ნიუ-იორკისა და კონექტიკუტის მსგავსი შეზღუდვები დააწესა. თუკი აქამდე სახლებში 25 ადამიანის შეკრება იყო დაშვებული, სამშაბათიდან 10 ადამიანზე მეტის შეკრება აღარ შეიძლება.

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვნებელები იზრდება ქვეყნის დედაქალაქსა და მის შემოგარენშიც. ადგილობრივი მთავრობები მოქალაქეებს სიფრთხილისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ. კვირას ამ რეგიონში 3 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა - მათგან 1 840 ოფიციალურად მერილენდის შტატის უბნებიდან, 1 161 - ვირჯინიის, 163 კი ოფიციალურად კოლუმბიის ოლქის, ვაშინგტონის ტერიტორიაზე. დედაქალაქში ბოლო კვირის განმავლობაში ინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 139-მდე გაიზარდა. ვირჯინიაში ორშაბათიდან ახალი შეზრუდვები ამოქმედდა. მათ შორის შესაძლო ჯარიმები კერძო კომპანიებისთვის.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს. შესაბამისად მას ოფიციალურად არ უღიარებია ბაიდენის გამარჯვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესიც ოფიციალურად არ დაწყებულა. ჯო ბაიდენის გუნდს კი, მათ შორის კორონავირუსთან ბრძოლის ჯგუფს შესაბამის ინფორმაციასა და რესურსებზე ჯერჯერობით ხელი არ მიუწვდება. ბაიდენის ერთ-ერთი მრჩეველი ამ მიმართულებით, ატულ გავანდიმ ABC-ის უთხრა, რომ პოლიტიკისა და სტრატეგიის დასაგეგმად, ქვეყნის ინტერესებშივეა, რომ გარდამავალ პერიოდში გუნდებმა დროულად მიიღონ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რისკების შეფასების შედეგები, ვაქცინის დისტრიბუციის გეგმები, სუსტი და ძლიერი მხარეები, ნიღბებისა და ხელთათმანების მარაგების საკითხები. "ძალიან ბევრი ინფორმაციაა, რომელიც უნდა გადმოგვეცეს და არ შეიძლება ბოლო წუთამდე დაცდა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG