ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს


პრეზიდენტი ბარაკ ობამა პენტაგონში

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გუშინ პენტაგონს ეწვია და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის სტრატეგიაზე ესაუბრა.

ისლამური სახელმწიფოს სტრატეგიული სისუსტეები რეალურია
ბარაკ ობამა

უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას გაააქტიურებს, განსაკუთრებით სირიაში, სადაც, მისი თქმით, ამერიკას დაჯგუფების ხელმძღვანელობა და ნავთობის რეზერვები მიზანში ჰყავს ამოღებული.

“ჩემს გუნდს გარკვევით ავუხსენი, რომ ჩვენ მეტ ძალისხმევას გავიღებთ სირიის ზომიერი ოპოზიციის გასაწვრთნელად და აღსაჭურვად,” განაცხადა პრეზიდენტმა.

ნათელია, რომ სირიაში ბევრი რამ ხდება, მაგრამ ამ მოქმედებებიდან ჩვენი მიზნის მიღწევაში ცოტა რამ თუა წინ გადადგმული ნაბიჯი
ბრაიან კატულისი, უსაფრთხოების ექსპერტი

ზოგიერთი ანალიტიკოსი სირიაში ამერიკის პროგრესს კრიტიკულად აფასებს. ბრაიან კატულისმა ამერიკის ხმას სკაიპით ინტერვიუში უთხრა, რომ სირია ობამას სტრატეგიის ყველაზე სუსტი ნაწილია:

“ნათელია, რომ სირიაში ბევრი რამ ხდება, მაგრამ ამ მოქმედებებიდან ჩვენი მიზნის მიღწევაში ცოტა რამ თუა წინ გადადგმული ნაბიჯი.”

პენტაგონში პრეზიდენტის ვიზიტს წინ უძღოდა დაჯგუფების წინააღმდეგ მიმართული რამდენიმედღიანი ინტენსიური საჰაერო შეტევები. კოალიციის კამპანიის ფარგლებში ამ დღეებში განადგურდა დაჯგუფების დედაქალაქად წოდებულ რაქასთან დამაკავშირებელი ხიდი.

პრეზიდენტის თქმით, კოალიციის მიერ განხორციელებულმა 5 ათასზე მეტმა საჰაერო შეტევამ დაჯგუფება სირიასა და ერაყში მნიშვნელოვნად დახია უკან. კოალიციამ დაიკავა მოსულის კაშხალი, კირკუკისა და ირბილის პროვინციები და გადაკეტა დაჯგუფების მიერ მომარაგებისთვის გამოყენებული ზონები ჩრდილოეთ სირიაში.

“ისლამური სახელმწიფოს სტრატეგიული სისუსტეები რეალურია,” თქვა ობამამ.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფოს დამარცხება მხოლოდ სამხედრო ძალით ვერ მოხერხდება და მასთან საბრძოლველად პოლიტიკური და ეკონომიკური ძალისხმევა იქნება საჭირო.

XS
SM
MD
LG