ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სამწუხარო თარიღები


1993 წლის 19 აპრილს ტეხასში დავითის შტოს სექტის დაღუპვის წლისთავია, რასაც 1995 წლის 19 აპრილს ოკლაჰომა სიტიში ფედერალური შენობის აფეთქება მოჰყვა

ბოსტონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის ფონზე ამერიკა კიდევ რამდენიმე სამწუხარო თარიღს აღნიშნავს. 1993 წლის 19 აპრილს ტეხასში დავითის შტოს სექტის დაღუპვის წლისთავია, რასაც 1995 წლის 19 აპრილს ოკლაჰომა სიტიში ფედერალური შენობის აფეთქება მოჰყვა.
1993 წელს ტეხასში ფედერალური აგენტების მიერ დავითის შტოს რადიკალური რელიგიური სექტის კუთვნილი დასახლების ალყის და დაპირისპირების შედეგად გაჩენილმა ხანძარმა 70 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ამ ტრაგედიიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ ოკლაჰომა სიტიში ფედერალური შენობა სატვირთო მანქანაში დამონტაჟებული ბომბის საშუალებით ააფეთქეს, რასაც 168 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტერაქტის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს შეერთებული შტატების არმიის ყოფილი ჯარისკაცი ტიმოთი მაკვეი, რომელიც 2001 წელს სიკვდილით დასაჯეს.
ამერიკელი ექსპერტი მარკ პოტოკი შეერთებულ შტატებში რადიკალური მემარჯვენე დაჯგუფებების მონიტორინგს ანხორციელებს. მისი თქმით:“ 19 აპრილი ამერიკელი მემარჯვენეებისთვის სიმბოლურ თარიღად გადაიქცა. ეს ყველაფერი 1775 წელს დაიწყო, როდესაც ლექსინგტონსა და კონკორდში ამერიკული რევოლუციის დაწყების მაუწყებელი პირველი ტყვია გავარდა.“
ამერიკაში აპრილის თვეში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. 1999 წლის 20 აპრილს კოლორადოს შტატის კოლუმბაინის უმაღლეს სკოლაში მოწაფეები დაცხრილეს.
ყოფილი ფედერალური პროკურორი აიტან გოლმანი ოკლაჰომა სიტის აფეთქების საქმეს იძიებდა. მისი თქმით:“ ეს მთელი სისტემისთვის დიდი შოკი იყო. თანაც ამერიკის გულში, ოკლაჰომა სიტიში ვიღაც მუსლიმი ფანატიკოსის მიერ კი არა თავად ნაღდი ამერიკელის მიერ მოწყობილი ტერაქტი.“
ბატონი გოლმანის თქმით:“ ოკლაჰომაში მოხდარი ტერაქტი ტიმოთი მაკვეიმ ვაკოს ტრაგედიის საპასუხოდ განახორციელა და თარიღი 19 აპრილი შემთხვევითი არ არი, რადგან სწორედ ვაკოში მომხდარი ტრაგედიის წლისთავს ეხებოდა.“
ამერიკელი ექსპერტის მარკ პოტოკის განცხადებით, მაკვეი ფედერალური მთავრობის მოწინააღმდეგე მემარჯვენე დაჯგუფებების იდეოლოგიას იზიარებდა, რომლებმაც გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ ძალა დაკარგეს, მაგრამ ახალი ისევ მოიპოვეს გავლენა:“ ბარაკ ობამას არჩევამდე 2009 წლისთვის დაახლოებით 149 მემერჯვენე შეიარაღებული დაჯგუფება არსებობდა, 2012 წლისთვის კი ეს რიცხვი 1360-მდე გაიზარდა.“
როგორც ყოფილი პროკურორი აიტან გოლმანი აცხადებს, ფედერალური მთავრობის მიერ იარაღის ფლობასა და გაყიდვაზე კონტროლის დაწესების ნებისმიერი მცდელობა ამერიკელი მემარჯვენეების გააფთრებულ რაექციას იწვევს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ტენდენცია ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების მცდელობაზე მიუთითებს და აპოკალიფსის მოახლოების მომასწავებელია.
XS
SM
MD
LG