ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მთავრობა ნაწილობრივ დაიხურა


დაახლოებით 800 ათასი საჯარო მოხელე შეერთებულ შტატებში დღეს სამსახურის გარეშე რჩება

შეერთებულ შტატებში მთავრობის ფუნქციონირება ნაწილობრივ შეჩერდა. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 17 წლის მანძილზე, როცა კონგრესის ორმა შტომ 1 ოქტომბრამდე სახელმწიფო ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ შეძლო და მთავრობის ნაწილი იხურება.

ათასობით მთავრობის თანამშრომელს დღეს დილით სამსახურში გამოცხადებისთანავე, უთხრეს, რომ მათ ხელფასს ვერ გადაუხდიან და სახლში გააბრუნეს. ნაწილს კი სთხოვეს, მუშაობა გაეგრძელებინათ, თუმცა გარანტია არ აქვთ, რომ მათ სამსახური აუნაზღაურდებათ. ჯერჯერობით ცნობილია, რომ სამთავრობო ორგანიზაციების სიაში, რომლებიც დღეს მუშაობას წყვეტენ, არის: ეროვნული პარკები, მუზეუმები, საგზაო უსაფრთხოების სააგენტოები და თავდაცვის დეპარტამენტის ნაწილი - ძირითადად სამოქალაქო სამსახურები. წინასწარი შეფასებებით, დაახლოებით 800 ათასამდე საჯარო მოხელე შეერთებულ შტატებში დღეს სამსახურის გარეშე დარჩება და უცნობია, თუ როდის შეთანხმდებიან კანონმდებლები და შესაბამისად, რამდენ ხანს გასტანს მთავრობის დახურვა. მუშაობას აგრძელებენ ძალოვანი უწყებები და საგანგებო სამსახურები. მათ შორის პოლიცის, სასწრაფო დახმარების, სასაზღვრო დაცვის და უსაფრთხოების თანამშრომლები.

პრეზიდენტმა ობამამ მთვარობის დახურვისთანავე მიმართა ამერიკელებს:

„ მთავრობის ადრინდელმა დახურვებმა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ალბათ ახლაც ასე მოხდება. ეს ეკონომიკის ტემპს მნიშვნელოვნად შეანელებს მაშინ, როდესაც იგი ძალებს თანდათანობით იკრებდა.“

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები ქვეყნის შიგნით და გარეთ სამუშაო ადგილებზე დარჩებიან და მათ სპეციალური კანონის საფუძველზე ხელფასი დროულად გადაეხდებათ.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის დახურვა ემთხვევა დღეს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა ამოქმედდება. რეფორმის მიხედვით, საშუალო ფენის დაახლოებით 50 მილიონ ამერიკელს საშუალება მიეცემა, მთავრობის სუბსიდირებით დაბალფასიანი სამედიცინო დაზღვევა მიიღოს.

პრეზიდენტმა ობამამ ასევე აღნიშნა, რომ იგი მუშაობას კონგრესმენებთან გააგრძელებს, რათა მთავრობამ მუშაობა, რაც შეიძლება მალე აღადგინოს.
XS
SM
MD
LG