ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის მიერ დაბლოკილი ამერიკელი სენატორები უკრაინაში ჩავლენ


კრის მერფი, აშშ-ის დემოკრატი სენატორი

ამერიკელი კანონმდებლები, რომელთაც მოსკოვი რუსეთში შესვლის უფლებას არ აძლევს, აცხადებენ, რომ ისინი შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციაში რჩებიან და სხვა ქვეყნებს ეწვევიან. დემოკრატი სენატორი კრის მერფი და რესპუბლიკელი რონ ჯონსონი ამბობენ, რომ უკრაინაში, სერბეთში და კოსოვოში ჩასვლას გეგმავენ.

ამის შესახებ სენატორმა მერფიმ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა. "რუსეთმა არ შეგვიშვა, მაგრამ რონ ჯონსონთან ერთად, ამ კვირაში ვესტუმრებით უკრაინას, სერბეთს, კოსოვოს, რათა ორპარტიული მხარდაჭერა დავუდასტუროთ უკრაინის ახალ მთავრობას და დიალოგი გავაგრძელოთ ბელგრადთან და პრიშტინასთან" - თქვა მერფიმ "ტვიტერზე".

რონ ჯონსონი, რესპუბლიკელი სენატორი
რონ ჯონსონი, რესპუბლიკელი სენატორი

ორივე, მერფი და ჯონსონი კრემლის ცნობილი კრიტიკოსები არიან. რუსეთმა მათთვის ვიზების გაცემაზე უარი აგვისტოს ბოლოს თქვა. რუსეთის საელჩო ვაშინგტონში რონ ჯონსონს "რუსოფობს" უწოდებს. 28 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს იყო პასუხი რუსი პარლამენტარებისთვის ამერიკის მიერ დაწესებულ "გაუმართლებელ შეზღუდვებზე".

შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის ურთიერთობა, რუსეთის მიერ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, ყირიმის ანექსიის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა. შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციების რამდენიმე რაუნდი დაუწესა. მოგვიანებით კი რუსეთმა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევა სცადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG