ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში 1,500-მდე იმიგრანტი ბავშვის კვალი დაიკარგა


პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია 1,500-მდე იმიგრანტი ბავშვის კვალის დაკარგვასთან დაკავშირებით, თავს იმართლებს. მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ იმ პროგრამის მასშტაბი, რომლითაც ისინი ქვეყანაში შემოჰყავდათ, უკონტროლოდ გაიზარდა.

„მეურვეობის ქვეშ მყოფი 10 ათასამდე ბავშვით... პროგრამამ იმაზე ფართო მასშტაბი მიიღო, ვიდრე ეს მისი შექმნისას იყო გათვალისწინებული. ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის პირდაპირი, კანონიერი მოვალეობაა ბავშვების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა და შემდეგ „უმეთვალყურეო იმიგრანტი ბავშვების პროგრამისთვის“ (UAC) გადაცემა“ - განაცხადა ბრიფინგზე სტივენ ვაგნერმა. ის ბავშვთა და ოჯახთა ადმინისტრაციაში, მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებს.

ეს იყო პასუხი აპრილში გავრცელებულ ცნობაზე იმის თაობაზე, რომ ამერიკის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დეპარტამენტმა ვეღარ მიაგნო 1, 475 ბავშვის საბუთებს და მათ ასავალ-დასავალს. ამ ბავშვებისთვის, წესით, ამერიკაში სპონსორები უნდა მოეძებნათ და მათთან განეთავსებინათ.

ინფორმაცია 26 აპრილს სენატის საგანგებო მოსმენაზე ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმაც დაადასტურა. გაჩნდა იმის შიში, რომ ბავშვები შეიძლება ისეთმა ადამიანებმა წაიყვანონ, ვინც თავს მათ ნათესავებად ასაღებს და პატარები საბოლოო ჯამში, ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოჩდნენ.

საუბარია ბავშვებზე, რომლებიც ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე პერიოდულად, უფროსების გარეშე ჩნდებიან. მათი უმრავლესობა ჰონდურასის, ელ-სალვადორის და გვატემალის მოქალაქეა. არასრულწლოვანები ამბობენ, რომ საკუთარი ქვეყნიდან ნარკო-კარტელებს, განგსტერებს, ან ოჯახურ ძალადობას გამოექცნენ.

2017 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, შეერთებულ შტატებში 8 ათასამდე ბავშვი მოათავსეს დროებით სპონსორებთან. სწორედ ამ ჯგუფიდან ვერ აგნებენ ახლა 1, 475 ბავშვის კვალს. 8 ათასიდან, უმრავლესობა ისევ სპონსორებთანაა, 52 ბავშვი გაშვილებულია, 28 გაიქცა და 5 დეპორტირებულია.

ცალკე პრობლემაა უსაბუთო მშობლების და ბავშვების ერთმანეთისგან ძალით დაცილება. თვის დასაწყისში, შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა გამოაცხადა, რომ იმ ოჯახებში, რომლებიც საზღვარს უკანონოდ ლახავენ, მშობლებს და ბავშვებს ერთმანეთს იძულებით დააცილებენ. გენერალური პროკურორი ცვლილებას იმიგრაციის საკითხებში „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის ნაწილად განიხილავს. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ამგვარი მიდგომა ბავშვების დაკარგვის პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს.

ფაქტია, რომ კანონმდებლობა ამ მიმართულებით დასახვეწია და ამას თეთრი სახლის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი სტივენ მილერიც ადასტურებს. მისი თქმით, ადმინისტრაციის სურვილია, ბავშვები და მშობლები ერთად მოათავსონ წინასწარი პატიმრობის საკნებში და შემდეგ ერთად დააბრუნონ სამშობლოში. მაგრამ, იმიგრანტების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათ საკნებიც არ ჰყოფნით.

ყველაფერთან ერთად, ბავშვების მიერ ამერიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის პრობლემა წლიდან წლამდე მზარდია. 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე, ფედერალურმა მთავრობამ 180 000-ზე მეტი მსგავსი კანონდარღვევა გამოავლინა და ბავშვები დროებით სპონსორებთან განათავსა.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ 2016 წლის წელს ათეულობით სპონსორ ოჯახში სექსუალური ძალადობის, შიმშილის, ან იძულებითი მუშაობის ფაქტს მიაკვლია. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ბავშვები ასეთი ოჯახებიდან ხშირად გარბიან და მათ ვეღარ პოულობენ.

„ამ ბავშვებს, საემიგრაციო სტატუსის მიუხედავად, აქვთ უფლება ადამიანურად მოექცნენ, მათზე არ იძალადონ და ტრეფიკინგი არ მოხდეს“ - თქვა ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა ბობ პორტმანმა. ის სენატის გამოძიებათა მუდმივმოქმედი ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG