ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მთავარი დიპლომატი საუდის არაბეთს ადამიანის უფლებებზე დაელაპარაკება


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ გეგმავს საუდის არაბეთის ლიდერებთან ადამიანის უფლებების საკითხზე იმსჯელოს, როდესაც ამ ქვეყანას ეწვევა. კერძოდ, საუდელი წარმოშობის ამერიკელი ექიმის გასაჭირის შესახებ, რომელსაც საუდის არაბეთში ბრალი აქვს წაყენებული.

პომპეო საუდის არაბეთში ოთხშაბათს, სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის მეფე სალმონს, ტახტის მემკვიდრე მოჰამად ბინ სალმანს და საგარეო საქმეთა მინისტრ ფაისალ ბინ ფარჰანს შეხვდება.

პომპეომ თქვა, რომ საუდის არაბეთის ლიდერებს საუდელი წარმოშობის ამერიკელი ექიმის, ვალიდ ფითაიჰის შესახებ დაელაპარაკება, რომელიც საუდის უფლისწულის უპრეცედენტო ანტი-კორუფციული ოპერაციის დროს, 2017 წლის ნოემბერში დააკავეს. იმ ოპერაციის ფარგლებში, მინისტრები, უფროსი უფლისწულები და ბიზნესმენები დააპატიმრეს.

საუდის არაბეთის მიმართულებით გაფრენის წინ, ადის-აბაბაში პომპეომ ჟურნალისტებს უთხრა: „დარწმუნებული ვარ, წამოვწევ ამ საკითხს და ასევე ადამიანის უფლებების საკითხების ფართო დიაპაზონსაც გავახმოვანებ.“

დედაქალაქ რიადის სასტუმროში 200 ადამიანი კვირების და თვეების განმავლობაში იყო დაკავებული და მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ მილიარდობით დოლარის ღირებულების ქონების დათმობა აიძულეს.

დემოკრატ კონგრესმენ ელიოტ ენგელის და რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკლ მაკკოლის მიხედვით, ფაითაჰი, რომელიც დაუდგენელი ბრალდებით დააკავეს, გასულ ზაფხულში გაათავისუფლეს, მაგრამ მას და მის შვიდ ნათესავს, რომლებიც ასევე შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან, მისი სასამართლო პროცესის პერიოდში, საუდის არაბეთის დატოვება აუკრძალეს.

სამშაბათს, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა ორმა კანონმდებელმა პომპეოს წერილი მისწერა, რომელშიც მას დაჟინებით მოუწოდებენ საუდის არაბეთის ლიდერებთან ფაითაჰის საქმეზე იმსჯელოს. მათ თქვეს, რომ ფაითაჰი თითქმის ორი წლის განმავლობაში, ბრალის წარდგენის გარეშე იყო დაკავებული. აჰმედ ფაითაჰმა კონგრესმენებს უთხრა, რომ მამამისს აწამებდნენ და პატიმრობის დროს მას ოჯახთან იშვიათი კონტაქტი ჰქონდა.

საუდის არაბეთს და კერძოდ, ტახტის მემკვიდრე უფლისწულს, ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამო, მსოფლიო გულდასმით აკვირდება. უფლისწულის რეპუტაცია მას შემდეგ შეიბღალა, რაც „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო წერილების ავტორი ჯამალ ხაშოგი, 2018 წელს, საუდის არაბეთის სტამბოლის საკონსულოში მოკლეს და მისი გვამი დაანაწევრეს. ხაშოგი გადასახლების პირობებში ცხოვრობდა და უფლისწულის სადამსჯელო ღონისძიებების შესახებ წერდა, როდესაც ის უფლისწულის აგენტებმა მოკლეს.

პომპეომ თქვა, რომ საუდის არაბეთის ლიდერებთან ეკონომიკის და უსაფრთხოების საკითხებზეც, კერძოდ ირანთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებს.

საუდის არაბეთის დატოვების შემდეგ, პომპეო ომანს ეწვევა - ამერიკის ახლო მოკავშირეს, რომელსაც ასევე აქვს ურთიერთობა საუდის სამეფოსთან და ირანთან.

საუდის არაბეთში გამგზავრებამდე, პომპეომ აფრიკაში სამდღიანი ვიზიტი დაასრულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG