ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პირველ დიპლომატზე სანქციების დაწესებას თეირანი „ბავშვურს“ უწოდებს


ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი ამერიკის მიერ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრზე სანქციების დაწესებას გამოეხმაურა და მას „ბავშვური“ უწოდა.

ამერიკასა და ირანს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ერთი წლის წინ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმება დატოვა. ირანის პრეზიდენტის თქმით, მინისტრზე სანქციების დაწესება მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკასთან პირდაპირი საუბარი შეუძლებელია. „ყოველდღიურად ისინი ამბობენ, რომ ირანთან მოლაპარკებები სურთ. ამბობენ, რომ ირანთან მოლაპარაკებებს წინაპირობა არ ექნება, მზად ვართ ირანს ნებისმიერ დროს ველაპარაკოთ. შემდეგ კი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციებს უწესებენ,“ თქვა ირანის პრეზიდენტმა.

სანქციებზე კომენტარი თავად ზარიფმაც გააკეთა და საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა, რომ „ ამერიკის ასეთი საქციელის მიზეზი ისაა, რომ მე ირანის პირდაპირი წარმომადგენელი ვარ მთელს მსოფლიოში. ნუთუ სიმართლე ასეთი მტკივნეულია? ამას [სანქციებს] ჩემზე ან ჩემს ოჯახზე არ აქვს გავლენა, რადგან მე არ ვფლობ ქონებას და არ მაქვს ინტერესები ირანის გარეთ. მადლობა, რომ ასეთ დიდ საფრთხედ მიგაჩნივართ თქვენი დღის წესრიგისთვის,“ ეწერა ზარიფის განცხადებაში.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ზარიფი არის ირანის „უგუნური“ საგარეო პოლიტიკის სახე და რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი უკვე საკმარისია. მისივე განმარტებით, ის რაც მოხდა „აშკარად უჩვეულო ქმედებაა.“

ბრიუსელში, ევროკავშირის პრეს სპიკერმა თქვა, რომ დასანანია, რომ ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილებას მიიღო. „ჩვენი მხრივ, გავაგრძელებთ მუშაობას ბატონ ზარიფთან, როგორც ირანის ყველაზე მნიშვნელოვან დიპლომატთან,“ თქვა კარლოს მარტინ რუის დე გორდეუელამ მედიასთან საუბარში.

ვაშინგტონში ექსპერტები ფიქრობენ, რომ სანქციები არ გამორიცხავს შესაძლო პირდაპირ საუბარს ამერიკასა და ირანს შორის.

ამ ფონზე, ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინური, ევროპული და რუსული კომპანიები გამონაკლისის სახით გაათავისუფლა შესაძლო სანქციებისგან იმისთვის, რომ მათ ირანის სამოქალაქო ბირთვულ ნაგებობენზე მუშაობის გაგრძელება შეძლონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG