ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროვნული დაზვერვის დირექტორმა "უხერხულ გამონათქვამზე" ბოდიში მოიხადა


შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენ ქოუთსმა შაბათს თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თეთრ სახლში მიწვევის სიახლეზე საკუთარი „უხერხული გამოპასუხებით“, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვას არ გულისხმობდა.

ქოუთსმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „პრესაში გამოქვეყნებულ ზოგიერთ მასალაში არასწორი შეფასება მიეცა უახლეს ამბავზე ჩემი გამოპასუხების განზრახვას, რომელიც პირდაპირ ეთერში მიმდინარე ინტერვიუს დროს გამოვთქვი. ვაღიარებ, ჩემი უხერხული ნათქვამი, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობდა პრეზიდენტის მიმართ უპატივცემულობას ან პრეზიდენტის ქმედების კრიტიკას“.

ასპენის ინსტიტუტში ინტერვიუს დროს, „ემ-ეს-ენ-ბ-სის“ წამყვანმა ანდრეა მიტჩელმა, რომელიც ღონისძიების მოდერატორი იყო, მას აცნობა, რომ პუტინმა თეთრ სახლში მიწვევა მიიღო.

- „უახლესი ამბები. თეთრმა სახლმა „ტვიტერზე“ გამოაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ამ შემოდგომაზე თეთრ სახლს ეწვევა“, თქვა მიტჩელმა.

- "კიდევ გაიმეორეთ", სიცილით უპასუხა ქოუთსმა...

- "ვლადიმირ პუტინი მოდის..."

- „კი, ეს გავიგონე..." დიახ, დიახ... კარგი, ეს განსაკუთრებული რამ იქნება“, ისევ სიცილით უპასუხა ქოუთსმა.

ბოდიშის შემცველ განცხადებაში ქოუთსმა თქვა, რომ ის და მთელი სადაზვერვო საზოგადოება თავს ვალდებულად მიიჩნევს შეძლებისდაგვარად საუკეთესო სადაზვერვო მონაცემები მოიპოვოს რათა უზრუნველყოს ინფორმირება და მხარდაჭერა პრეზიდენტ ტრამპის მიმდინარე ძალისხმევისათვის, რომელიც „მომავალ ამერიკულ არჩევნებში რუსული ჩარევის აღკვეთისკენ, მშვიდობის შენარჩუნებისკენ, საშიში რეჟიმების ბირთვული განიარაღებისკენ და შეერთებული შტატების და მოკავშირეების დასაცავად, ძლიერი საერთაშორისო ურთიერთობების შენებისკენ არის მიმართული“.

უსაფრთხოების ფორუმში, შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მდივანი კირსტენ ნილსენი, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ქრისტოფერ ვრეი და იუსტიციის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე როდ როზენსტაინიც მონაწილეობდნენ და სიტყვით გამოვიდნენ.

შიდა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო პოლიტიკის ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც ასპენის ინსტიტუტი სპონსორობს.

XS
SM
MD
LG