ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მკვეთრად პოლარიზებული პოლიტიკა


საპრეზიდენტო არჩევნები ძალზე მჭიდრო კონკურენციის პირობებში ჩატარდება. ერთ-ერთი მიზეზი მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებებია

შეერთებულ შტატებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ უკანასკნელ ხანს, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა უკიდურესად პოლარიზებული გახდა. დაპირისპირება წლების განმავლობაში ღრმავდებოდა. კონგრესში გაუთავებელი პოლიტიკური დებატები არამარტო ბიუჯეტის და მთავრობის ზომის თაობაზე მიმდინარეობდა, არამედ ნაკლებად მნიშვნელოვანი აბორტის და ერთსქესიანი ქორწინების კანონიერების შესახებაც კი. რაც უფრო ჭიანურდება აღნიშნული განხილვები, მით უფრო ძნელი ხდება რესპუბლიკელთა და დემოკრატთა მხრიდან დათმობებზე წასვლა და ორივე პარტიისთვის მისაღები კომპრომისის მიღწევა.

პიტერ ბრაუნი კვინიპიაკის ინსტიტუტიდან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს ხელმძღვანელობს. რეგულარული კვლევების მთავარი თემა, როგორც წესი საპრეზიდენტო კანდიდატები და მიმდინარე პოლიტიკური საკითხებია.

„პოლარიზებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. უამრავ ისეთ ადამიანთან გვიწევს თანაარსებობა, რომელთაც განსხვავებული ფასეულობები და ცხოვრების წესი აქვს. თუმცა არის გეოგრაფიული ერთეულები, რომელთაც დამახასიათებელი თავისებურებები აქვთ. მაგალითად, თუ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, ბევრად მეტი შანსია, რომ დემოკრატი იყოთ. თუკი პროვინციულ გარემოში იმყოფებით, მაშინ პირიქით, რესპუბლიკელ კანდიდატს მისცემთ ხმას“ - ამბობს მკვლევარი.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


გამოკითხვები ადასტურებს, რომ თეთრკანიანი ადამიანი, თუკი ის ასევე თეთრკანიანზეა დაქორწინებული და ეკლესიაში ხშირად დადის, უმეტესად რესპუბლიკელია. იგივე თეთრკანიანები, ოღონდ მარტოხელები და ნაკლებად რელიგიურები უფრო დემოკრატები არიან. ასევე დემოკრატები არიან ფერადკანიანებიც, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ და რელიგიურ ტრადიციებსაც დიდი პატივისცემით ეპყრობიან.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ამერიკის პოლიტიკაში გენდერული დაყოფაც ძალზე თვალსაჩინოდ გამოვლინდა. გამოკითხული ქალების უმეტესობა დემოკრატია, მაშინ როცა მამაკაცების უმრავლესობა - რესპუბლიკელი. რა თქმა უნდა სხვადასხვა არჩევნებზე ეს მონაცემი მეტ-ნაკლებად მერყეობს, თუმცა მთავარი პრინციპი როგორც წესი, ნარჩუნდება.

პიტერ ბრაუნი აღნიშნავს, რომ კვინიპიაკის უნივერსიტეტის ერთ-ერთი უახლესი გამოკითხვით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ქორწინების ფაქტორიც დიდ როლს ითამაშებს:

„გაითვალისწინეთ, რომ ობამას მარტოხელა ადამიანებში 20-პროცენტიანი უპირატესობა აქვს. მიტ რომნი კი მეტოქეს დაქორწინებულ ამერიკელთა შორის 13 პროცენტით უსწრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა“.

პოლარიზება არამარტო საპრეზიდენტო კანდიდატთა მხარდაჭერაში გამოიხატება, არამედ ცალკეულ პოლიტიკურ საკითხებზე არსებულ აზრთა სხვადასხვაობაში. „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ და „ენ-ბი-სის“ მიერ ერთობლივად ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში მთავარი თემა - ცენტრალური მთავრობის როლი გახლდათ. მოსახლეობის 49 პროცენტმა მონიშნა გრაფა პასუხით: მთავრობამ მეტი უნდა იღონოს ხალხის დასახმარებლად. 47-მა პროცენტმა კი სწორ პასუხად მიიჩნია: მთავრობა ისედაც უკვე ძალიან ბევრს აკეთებს.

მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი გამოკითხვები იმასაც ადასტურებს, რომ შეერთებული შტატების მოქალაქეებს კონგრესის უკიდურესი პოლარიზება ძალიან აღიზიანებთ. კონგრესის პოპულარობა ბოლო წლებში რეკორდულად დაეცა. წლის დასაწყისში ის 9 პროცენტზე ჩამოვიდა. სიტუაცია წლის მეორე ნახევრისთვის ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა, სპეციალისტების აზრით, კონგრესის რეტინგი დღესდღეობით მაინც ძალიან დაბალია. ივნისის ბოლოს „გალოპის“ გამოკითხვების მიხედვით ის 16 პროცენტზე შეჩერდა.

ნორმ ორნშტეინი ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტიდან ამბობს, რომ კონგრესის რეპუტაციის გაუარესებაზე დრამატული გავლენა ისევ კონგრესმენთა ხანგრძლივმა უმოქმედობამ გამოიწვია. პარტიული ინტერესების თავგამოდებით დაცვაში, გაუთავებელ დაპირისპირებასა და კამათში, კანონმდებლებს მთავარი საქმე გაუკეთებელი რჩებათ: ამა თუ იმ საკითხზე ისინი საბოლოო გადაწყვეტილებას ვეღარ იღებენ.

ჯონ ფორტერი ორპარტიული კანონმდებლობის ცენტრიდან აღნიშნავს, რომ უკომპრომისობის მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ შეერთებულ შტატებში მხოლოდ ორი პარტიაა. მრავალფეროვნების ნაკლებობა კი პოლიტიკური პრინციპების მეტად დაცვის სურვილს იწვევს. ამერიკელებიც მიეჩვიენ, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ არჩეულ გზას ადგანან და ერთი და იგივე პარტიას აძლევენ ხმას:

არჩევნებზე ერთი ტენდენცია გამოიკვეთა, რომელსაც ამერიკელები დიდი ხანია მისდევენ: რაც დრო გადის იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ერთი პარტიის წევრს პრეზიდენტად ირჩევენ და მეორე პარტიის წევრს - კონგრესმენად, თანდათან უფრო იკლებს“ - ამბობს ის და დასძენს, რომ სამწუხაროდ ამერიკელთა გაღიზიანება არც იმდენად გაზრდილა, რომ ქვეყანაში ახალი, ძლიერი მესამე პარტია ჩამოყალიბდეს, ან რამდენიმე, შედარებით სუსტი მაინც.

პროფესორი ჯილ შტეინი აღნიშნავს, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები იმდენად გაძლიერდნენ და იმხელა თანხებს განკარგავენ, რომ მცირე ზომის პარტიები მათთან შედარებით ნაკლებად სიცოცხლისუნარიანები არიან. რაც ძალიან ცუდია ცვლილებების განხორციელებისთვის და ზოგადად ამერიკელი ხალხისთვის - ამბობს ის.

ამერიკის პოლიტიკა ტრადიციულად ორპარტიულია. მესამე პარტია მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა არჩევნებზე, 1912 და 1992 წლებში. როგორც ჩანს, ახალი პარტიის მოძლიერება უახლოეს წლებშიც არ მოხდება.
XS
SM
MD
LG