3 იანვარს აიოვას შტატში დაწყებული წინასაარჩევნო პრაიმერების სეზონი ერთი კვირის ინტერვალით 10 იანვარს ნიუ ჰემფშირის შტატში გრძელდება. როგორც წესი, პირველი ორი პრაიმერი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო მედიის ყურადღებას ყველაზე მეტად იპყრობს. უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის მანძილზე რესპუბლიკელ კანდიდატთა ნომინანტი პირველ, ან მეორე პრაიმერს აუცილებლად იგებს. შესაბამისად დაპირისპირება პოპულარულ რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის პიკს აღწევს. ხმათა უმრავლესობის მოპოვების მიზნით იზრდება დემოკრატი პრეზიდენტის ბარაკ ობამას კრიტიკაც.
ეს ყოველივე თვალსაჩინოდ აისახა შაბათ-კვირას გამართულ რესპუბლიკელ კანდიდატთა დებატებზე, რომელსაც შაბათს ტელეარხი „ეი-ბი-სი“ და კვირას ტელეკომპანია „ენ-ბი-სი“ და სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ მასპინძლობდნენ. კანდიდატებს შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ნიუტ გინგრიჩი და პენსილვანიის შტატის ყოფილი სენატორი, რიკ სანტორუმი. მათი მთავარი სამიზნე მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი, მიტ რომნი იყო. მოპაექრეები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ პირველ პრაიმერიში გამარჯვებული რომნი არასაკმარისად კონსერვატიულია.
„მიმაჩნია, რომ კამპანიას ძლიერი ეკონომიკური სტრატეგიის მქონე რეიგანის ტიპის კონსერვატორი მოიგებს, და არა - მასაჩუსეტელი მოკრძალებული და ზომიერი პოლიტიკოსი“ - აღნიშნა ბატონმა გინგრიჩმა.
მიტ რომნიმ აიოვაში ხმების თითქმის იგივე რაოდენობა მოიპოვა, რაც 2008 წელს. მკვეთრად, 10 პროცენტით, დაეცა მისი მხარდაჭერა კონსერვატორი რესპუბლიკელების მხრიდან. ტელეკომპანია „ეი-ბი-სის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით აიოველ რესპუბლიკელთა ერთ პროცენტზე ნაკლები თვლის მას ნამდვილ კონსერვატორად.
მიტ რომნიმ კონკურენტების კრიტიკა უპასუხოდ დატოვა და შეეცადა აქცენტი კვლავ პრეზიდენტი ობამას პოლიტიკის კრიტიკაზე გადაეტანა. „მე იმ ამერიკის მჯერა, რომელიც უსაზღვრო შესაძლებლობების და თავისუფლების ფორპოსტია, და არა პრეზიდენტი ობამას სოციალური კეთილდღეობის ქვეყნის“ - განაცხადა მან.
აიოვას შტატში გამართული პრაიმერის შემდეგ ძალთა განლაგება მნიშვნელოვნად შეიცვალა. მეორე ადგილისთვის ბრძოლაში რიკ სანტორუმს, როგორც ჩანს, ახლა ტეხასელი კონგრესმენი, რონ პოლი დაუპირისპირდება. პირველი პრაიმერის შემდეგ რესპუბლიკელთა რიგებს ერთადერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი კანდიდატი, მიშელ ბაქმანი, ჩამოცილდა.
დებატებისგან თავისუფალ დროს კანდიდატები საარჩევნო კამპანიას მთელი დატვირთვით აგრძელებენ. აქციებს და საჯარო გამოსვლებს ბოლო არ უჩანს. რესპუბლიკელი კანდიდატები ყოველგვარად ცდილობენ დამოუკიდებელი ამომრჩევლის და რესპუბლიკელი ელექტორატის იმ ნაწილის ხმების მოპოვებას, რომლთაც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
ჯერი ლომბარდო ნიუ ჰემფშირის ქალაქ დერიში ცხოვრობს. ის მიტ რომნისთან შეხვედრას ესწრებოდა. “მინდოდა პირადად გამეცნო, შემეხედა და მომესმინა მისთვის. ტელევიზიაში სულ ვუყურებ, მაგრამ ტელეეკრანის მიხედვით ადამიანზე მსჯელობა მაინც ძნელია. დღევანდელი შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში აუცილებლად დამეხმარება“ - ამბობს ის.
თუკი მიტ რომნი ნიუ ჰემფშირის პრაიმერსაც მოიგებს, ეს ფაქტი მის პოზიციებს მნიშვნელოვნად გაამყარებს და ნომინაციის მოგების შანსს განუზომლად გაზრდის. ნიუ ჰემფშირის შემდეგ პრაიმერი 21 იანვარს სამხრეთ კაროლინას შტატში იმართება. ამერიკის წინასაპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში საბოლოო ნომინანტის ბედის გარკვევა ხშირად ე.წ. სუპერ სამშაბათამდე ხდება. ამ დღეს პრაიმერი ერთდროულად 10 შტატში ტარდება და 2012 წელს ის 6 მარტისთვის არის დანიშნული.