ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ნარკოტიკების კონტროლის ანგარიში საქართველოზე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2018 წლის ანგარიში, ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ. მასში შეფასებულია საქართველოში არსებული სიტუაციაც.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ის არასაკმარისადაა დაცული ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების გარემოში. ეს ორგანიზაციები აგრძელებენ ოპიუმის, ჰეროინისა და ამ უკანასკნელის წარმოებისთვის საჭირო უმთავრესი ქიმიკატის - ძმარმჟავას ანჰიდრიდის - კონტრაბანდას.

სატრანზიტო ფუნქციის გარდა, საქართველო ნარკოტიკების მნიშვნელოვანი მომხმარებელიცაა, განსაკუთრებით პოპულარული კი სინთეტიკური და ე.წ. „კლუბური“ ნარკოტიკებია.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ავტორები შენიშნავენ, 2018 წლის აპრილში, თბილისის ორ ღამის კლუბში პოლიციის მიერ განხორციელებულ რეიდებს საპროტესტო გამოსვლების ტალღა ახლდა, რამაც ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შერბილება გადააწყვეტინა. ამის შემდეგ, კანაფის მოყვანისა და პროდუქციის ლეგალიზაცია და მისი პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაცია განხორციელდა. თუმცა ანგარიშმა ვერ იპოვა მტკიცებულებები იმის შესაფასებლად, მოახდენს თუ არა ეს გავლენას სხვა აკრძალული ნარკოტიკის მოხმარებაზე, გაყიდვასა და ტრანზიტზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, "საქართველოში უკანონო შემოსავლების უდიდესი ნაწილი მოდის საბანკო თაღლითობაზე, კიბერდანაშაულზე და გაფლანგვაზე“. ასევე ლაპარაკია მტკიცებულების ნაკლებობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლების „გათეთრება“, ოფიციალურ საფინანსო სისტემაში ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG