ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ლიბიის ურთიერთობები წარსულსა და მომავალში


ამერიკა-ლიბიის ურთიერთობები წარსულსა და მომავალში
ამერიკა-ლიბიის ურთიერთობები წარსულსა და მომავალში

კადაფის მმართველობის დროს ამერიკა-ლიბიის ურთიერთობა პერიოდული დაძაბულობით გამოირჩეოდა

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლიბიელი ლიდერის მუამარ კადაფის გადადგომის მოთხოვნით გამოსული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა ამერიკასა და ტრიპოლის შორის ოთხი ათწლეულის მანძილზე ურთიერთობის განვითარებას აანალიზებს.

მუამარ კადაფი ხელისუფლებაში 1969 წლის 1 სექტემბერს მოვიდა უსისხლო სამხედრო გადატრიალების შედეგად რომლის დროსაც საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით წასულმა ლიბიის მეფემ იდრისმა ტახტი დაკარგა.

როგორც ლიბიაზე რამდენიმე წიგნის ავტორი ბრიუს სეინტ ჯონი აღნიშნავს, ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და კადაფის შორის ზოგადად შეიძლება დადებითად დახასიათდეს.

„თავდაპირველად იგი ყურადღებას ამახვილებდა არაბულ ნაციონალიზმზე, არაბულ ერთობასა და არაბულ სოციალიზმზე. მისი მმართველობის პირველი ორი ან სამი წლის მანძილზე, ალბათ 1974 წლის ბოლომდე, შეერთებული შტატების მთავრობაში ჯერ კიდევ იყვნენ ოფიციალური პირები, ვისაც ეგონათ, რომ მასთან და მის რეჟიმთან თანამშრომლობა შესაძლებელი იყო. კადაფიმ ტერორიზმის გამოყენება მხოლოდ მოგვიანებით დაიწყო და არა მხოლოდ ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.“

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში კადაფიმ სხვა არაბულ სახელმწიფოებთან ლიბიის გაერთიანება წარუმატებლად სცადა. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში იგი სხვადასხვა ტერორისტულ ჯგუფებს ეხმარებოდა, ირლანდიური რესპუბლიკური არმიისა და აბუ ნიდალის დაჯგუფების ჩათვლით.

პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის დროს ვაშინგტონის ურთიერთობა ტრიპოლისთან აშკარად გაუარესდა. პრეზიდენტი რეიგანი კადაფის „ახლო აღმოსავლეთის ცოფიან ძაღლს“ ეძახდა.

სეინტ ჯონი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის დამოკიდებულება ტრიპოლის მიმართ გამკაცრდა ორი ტერორისტული აქტის გამო - როცა 1985 წლის დეკემბერში ტერორისტებმა რომისა და ვიენის აეროპორტებზე თავდასხმა განახორციელეს და როცა 1986 წლის აპრილში დასავლეთ ბერლინში მდებარე დისკოთეკაში მომხდარი აფეთქების გამო ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

„გაურკვეველი მტკიცებულებების მიუხედავად შეერთებული შტატების მთავრობა დარწმუნებული იყო, რომ კადაფი და მისი მთავრობა ამ ორი ტერორისტული აქტის უკან იდგა. ‘ლა ბელეს’ დისკოთეკაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ რეიგანის ადმინისტრაციამ კადაფის რეჟიმის დასჯა გადაწყვიტა რათა ტრიპოლის ამგვარი საქმიანობის განხორციელებაზე აღარც ეფიქრა,“ აღნიშნა სეინტ ჯონმა.

შედეგად 1986 წლის აპრილში შეერთებული შტატების ბომბდამშენებმა ქალაქ ბენღაზისა და ტრიპოლიში მდებარე ობიექტებზე საჰაერო იერიში მიიტანეს. აღსანიშნავია, რომ კადაფის პირადი რეზიდენციაც დაიბომბა, რამაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ლიბიის ლიდერის ქალიშვილის ჩათვლით.

ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ლიბიელმა აგენტებმა ამერიკულ ავიაკომპანია „პან ამერიკანის“ რეისს ნომერ 103-ზე ბომბი ააფეთქეს. თვითმფრინავი შოტლანდიის ქალაქ ლოკერბის მახლობლად აფეთქდა. აფეთქების შედეგად 270 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბევრი ამერიკელი იყო.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მუამარ კადაფის წინააღმდეგ აგორებული სახალხო ამბოხების ფონზე, ამერიკა-ლიბიის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივა ბუნდოვანია. აღსანიშნავია, რომ ლიბიაში შეერთებული შტატების ელჩი ამჟამად ვაშინგტონში კონსულტაციებს მართავს.

XS
SM
MD
LG