ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი კონგრესმენებს შეხვდა


კონგრესის უარის შემთხვევაში, სირიაზე სამხედრო დატყმის განხორციელება შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას დამოუკიდებლადაც შეუძლია

ობამას ადმინისტრაცია სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების წინ, კონგრესის თანხმობას დაელოდება, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა კაპიტოლიუმში კონგრესმენებთან დახურული შეხვედრის წინ განაცხადა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმანი მოგვითხრობს, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმზე სარაკეტო თავდასხმის დაწყებასთან დაკავშირებით ვაშინგტონში ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ახალი ინფორმაციები რომელიც, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას ადასტურებს, ამერიკის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენების სისწორეს კიდევ უფრო ამყარებს.

ჯონ კერი: აღმოსავლეთ დამასკოდან დაზარალებული ადამიანებისგან , რომლებიც შველას ითხოვდნენ, თმის და სისხლის სინჯებია მიღებული. ეს მონაცემები ადასტურებს მათ თმაში და სისხლში ქიმიური ნივთიერების ზარინის არსებობას. ასე რომ დღითიდღე კიდევ უფრო სარწმუნო ხდება, რომ სირიაში ქიმიური იარაღი გამოსცადეს.

ჯონ კერი პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებას ემხრობა, რომელმაც სამხედრო მოქმედებების დასაწყებად თანხმობის მისაღებად ამერიკის კონგრესს მიმართა.

ჯონ კერი: ეს თამამი გადაწყვეტილებაა. პრეზიდენტი არ ცდილობს იმპერიალისტური საპრეზიდენტო მმართველობა ჰქონდეს.

რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი ამერიკის ხელისუფლების უმოქმედობას დაცინის.

ჯონ მაკეინი: როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იყო წითელი ხაზის გადაკვეთა, სხვათა შორის მას არ უთქვამს რომ სამხედრო მოქმედებების დასაწყებად კონგრესის თანხმობას მოითხოვდა. პირიქით, მან განაცხადა რომ ვინაიდან წითელი ხაზის გადაკვეთა მოხდა, შეერთებული შტატები კონკრეტულ ქმედებაზე უნდა გადავიდეს.

კანონმდებლების ნაწილი ეჭვობს, რომ კონგრესი ძალის გამოყენებას დაუჭერს მხარს. ამ თემაზე კომენტარს, რესპუბლიკელი სენატორი საქსბი ჩამბლისი აკეთებს.

საქსბი ჩამბლისი: მისი განცხადებით, თუკი პრეზიდენტმა კონგრესი ვერ დაარწმუნა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, მაშინ კონგრესი ძალის გამოყენების თანხმობას არ მისცემს. ის უნდა დაეყრდნოს დაზვერვის რეალურ მონაცემებს, რომ ვიცოდეთ რა ხდება სირიაში. ის უნდა იყოს ღრმად დარწმუნებული იმაში, თუ რა ტიპის სამხედრო ჩარევა უნდა განხორციელდეს სირიაში.

შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებმა კვირას კონგრესმენებისთვის ყოვლისმომცველი ანგარიში წარადგინეს. ამის შემდეგ რამდენიმე კონგრესმენმა განაცხადა, რომ ისინი დარწმუნდნენ, რომ სირიაში ქიმიური იარაღი ნამდვილად გამოიყენეს. თუმცა დემოკრატ კონგრესმენს ჯენის ჰანს კითხვები მაინც აქვს.

ჯენი ჰანი: ეს არის ომის საფუძველი? რა მიზნები აქვს ომის დაწყებას? ფაქტიურად რის სანქციას ვაძლევთ პრეზიდენტს?

ჰანი აცხადებს რომ ამერიკამ მარტო არ უნდა იმოქმედოს.

ჯენი ჰანი: სად არის საერთაშორისო საზოგადოება? თუკი იქ ასეთი საშინელება ხდება, რაც ყველასთვის მიუღებელ ქმედებას წარმოადგენს?

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სკოტ რიჯელმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა კონგრესის თანხმობასთან დაკავშირებით, თუმცა განაცხადა რომ ამ ეტაპზე ის სამხედრო ძალის გამოყენებას მხარს არ დაუჭერს.

სკოტ რიჯელი: ჩემი უარი არსებული მდგომარეობის შესახებ ბუნდოვანებით არის გამოწვეული, მისიის მიზანი გამოკვეთილი არ არის.

თუმცა მისი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს დემოკრატების წარმომადგენელს, სენდი ლევინს რომელიც სამხედრო ჩარევის მომხრეა.

სენდი ლევინი: მე დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესი მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ძალის გამოყენებას მხარი უნდა დაუჭიროს. რადგან თუკი, ამის შესაჩერებლად არაფერს ვიღონებთ, ეს არასწორი იქნება.

შაბათს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა რომ მას არ სჭირდება კონგრესის თანხმობა კონკრეტული სამხედრო ქმედების დასაწყებად, თუმცა მისთვის კონგრესის მხარდაჭერა, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული - მნიშვნელოვანია. კონგრესი მთლიანი შემადგენლობით მუშაობას უკვე ცხრა სექტემბრიდან შეუდგება.
XS
SM
MD
LG