ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრეფიკინგის დამრღვევი ქვეყნების სია იზრდება


ტრეფიკინგის დამრღვევი ქვეყნების სია იზრდება
ტრეფიკინგის დამრღვევი ქვეყნების სია იზრდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრეფიკინგის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა

მსოფლიოს მოსახლეობის ინფორმირება ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემის შესახებ თანდათან იზრდება. ამის მიუხედავად საერთაშორისო ნორმების დარღვევის შემთხვევები არამცთუ არ მცირდება, არამედ ყოველწლიურად მატულობს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ინტერნეტმა ამ შემთხვევაში უარყოფითი როლი ითამაშა, რადგან მას ფართოდ იყენებენ სექსუალური მონობის და იძულებითი შრომის ბიზნესში დაკავებული პირები.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრეფიკინგის შესახებ გაკეთებულ ყოველწლიურ ანგარიშში იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ე.წ. მესამე კალათის ქვეყნებს შეემატა. ამ სიაში მოხვედრილი სახელმწიფოები ტრეფიკინგთან ბრძოლისთვის არასაკმარის ღონისძიებებს ახორციელებენ. სავარაუდოდ 13-დან 23-მდე ქვეყანას ამერიკა სპეციალურ სანქციებს დააკისრებს.

საქართველო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირველი კალათის ქვეყნებს შორის მოხვდა. იმის მიუხედავად, რომ საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის ყველა მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს, ქვეყანა ჯერ კიდევ ტრეფიკინგის პირველად წყაროს და მეორად სატრანზიტო და დანიშნულების პუნქტს წარმოადგენს.

ქართველი ქალების და გოგონების სექსუალური დამონების და მამაკაცთა იძულებითი შრომის ფაქტები 2010 წელს რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. მათ შორისაა თურქეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, რუსეთი, გერმანია და ავსტრია. თურქ მამაკაცთა იძულებითი შრომის ფაქტებს ადგილი ჰქონდა აფხაზეთშიც, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ტრეფიკინგთან ბრძოლაში სპეციალურ რეკომენდაციებსაც სთავაზობს. მათ შორისაა დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიების და დამნაშავეთა დასჯისთვის გათვალისწინებული ზომების გააქტიურება, მსხვერპლის ამოცნობა და მათი სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გაზრდა, სასაზღვრო და პოლიციური ძალების სპეციალური წვრთნის გაძლიერება და ასე შემდეგ.

სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, დედამიწაზე ყველაზე ცოტა 27 მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ მონობაში ცხოვრობს. იმის მიუხედავად რომ ბევრ ქვეყანას ტრეფიკინგთან ბრძოლის კანონი უკვე მიღებული აქვს, მათი აღსრულება ხშირად ყოვნდება.

„გასამართლებულთა რიცხვი მსოფლიო მასშტაბით მეტ-ნაკლებად უცვლელი რჩება. ასე რომ წარმატების განმსაზღვრელი მხოლოდ ახალი კანონმდებლობის მიღება ვეღარ იქნება. ბოლო ათწლეულში მრავალმა ქვეყანამ მიიღო შესაბამისი კანონი. ახლა მთავარია მათი დანერგვა უზრუნველვყოთ და ამ საქმისთვის სპეციალურად შექმნილი ინსტრუმენტები ავამუშაოთ“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში რიგით მეთერთმეტეა მას შემდეგ, რაც ამერიკის კონგრესმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ 2000 წელს პირველი კანონი მიიღო. მესამე კალათის ქვეყნებში მაშინაც იყო ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა ბირმა, კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ზიმბაბვე. წელს მათ შორის კვლავ მოხვდა ამერიკის ორი მოკავშირე სპარსეთის ყურეში: კუვეიტი და საუდის არაბეთი. მესამე კალათის ქვეყნების სიას პირველად დაემატა ექვსი აფრიკული ქვეყანა, თურქმენეთი, ლიბანი, ვენესუელა და მიკრონეზია.

ღონისძიებაზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ადამიანთა ტრეფიკინგის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებას მიეძღვნა, 10 აქტივისტს განსაკუთრებული დამსახურებებისთვის სპეციალური გმირობის ჯილდო გადაეცა. ისინი სხვადასხვა ქვეყნებში სექსუალური მონობის და იძულებითი შრომის წინააღმდეგ იბრძვიან. მათ შორის იყო ანტიგუასა და ბარბუდაში ქალთა უფლებების დამცველი შეილა როზეუ, რომლის წყალობითაც შარშან მის ქვეყანაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ კანონი იქნა მიღებული.

ქალბატონმა როზეუმ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ტრეფიკინგთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა. მაგრამ მიღწეულით დაკმაყოფილება არ შეიძლება. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ დახმარების აუცილებლობას, რომელიც უკვე გადარჩენილ მსხვერპლთა მიმართ უნდა გაგრძელდეს.

სანქციებს შორის, რომელთაც შეერთებული შტატების კანონმდებლობა დასჯის სახით ითვალისწინებს, არის არა-ჰუმანიტარული დახმარების შეჩერება, ან მასზე უარის თქმა. ქალბატონი კლინტონის განცხადებით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მთავრობებთან მუშაობის და მათზე ზეწოლის ერთ-ერთი ეფექტური იარაღია.

ბავშვების საჯარისო ფორმირებებში გაწევრიანების წინააღმდეგ 2008 წელს მიღებული საერთაშორისო კანონის მრავალჯერადი დარღვევის გამო სანქციები სავარაუდოდ დაედება ბირმას, ჩადს, სომალის, სუდანს და იემენს. მათი უმრავლესობა დღეს შეერთებული შტატების სამხედრო და საწვრთნელი დახმარებით სარგებლობს. ორგანიზაცია Human Rights Watch ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებს ამ ქვეყნების სამხედრო დახმარება სასწრაფოდ შეწყდეს.

XS
SM
MD
LG