ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და გერმანია ჰოლოკოსტის უარყოფის დაძლევას ერთად შეეცდებიან


ენტონი ბლინკენი (მარცხნივ) და ჰეიკო მაასი (მარჯვნივ)

შეერთებული შტატების და გერმანიის ახალი ერთობლივი ინიციატივა, მიზნად ჰოლოკოსტის უარყოფის და ანტისემიტიზმის დაძლევას ისახავს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, რომელიც გერმანიაში ვიზიტით იმყოფება, მათი სურვილია დარწმუნდნენ იმაში, რომ "ახლანდელმა და მომავალმა თაობებმა იციან ჰოლოკოსტის შესახებ და სწავლობენ ამ გამოცდილებით".

ენტონი ბლინკენი (მარჯვნივ) და ჰეიკო მაასი (მარცხნივ) ჰოლოკოსტის მემორიალზე
ენტონი ბლინკენი (მარჯვნივ) და ჰეიკო მაასი (მარცხნივ) ჰოლოკოსტის მემორიალზე

ბლინკენი დღეს სიტყვით გამოვიდა ევროპაში მოკლული ებრაელების მემორიალზე, სადაც თქვა, რომ ჰოლოკოსტის უარყოფა უნისონშია ჰომოფობიასთან, ქსენოფობიასთან, რასიზმთან და დისკრიმინაციის სხვა ფორმებთან. ეს ყოველივე იმ ჯგუფების ლოზუნგად იქცა, "ვისაც ჩვენი დემოკრატიის დამხობა სურს" - თქვა მან. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, "სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ინოვაციური გზები, რომ ჰოლოკოსტის ისტორია გაცოცხლდეს, რათა ჩავწვდეთ არამარტო წარსულს, არამედ ის აწმყოშიც გაგვიძღვეს და ჩვენი მომავალიც ჩამოაყალიბოს".

ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასთან ერთად ხელი მოაწერა პარტნიორობის ახალ დოკუმენტს. ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ორივე მთავრობა ერთობლივად იმუშავებს იმაზე, რომ წინ აღუდგნენ წარსულის უარყოფას და დამახინჯებას, დაეხმარონ საჯარო მოხელეებს და ახალგაზრდებს, ჰოლოკოსტის და ანტისემიტიზმის საფუძვლიან შესწავლაში და იგრძნონ პასუხისმგებლობა, წინ აღუდგნენ მსგავს საშინელებებს.

ლიბიის კონფერენცია

მემორიალის მონახულებამდე, ბლინკენი შეხვდა ლიბიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, აბდულჰამიდ დაბაიბაბას. ლიბიის ლიდერები ბერლინში საგანგებოდ ლიბიის მომავლის საკითხებზე გამართულ კონფერენციას ესწრებიან, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მხარდაჭერას მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო მომავლის მშენებლობის საქმეში.

ენტონი ბლინკენის შეხვედრა ლიბიის დელეგაციასთან ბერლინში
ენტონი ბლინკენის შეხვედრა ლიბიის დელეგაციასთან ბერლინში

ოთხშაბათს გამართული ლიბიის კონფერენციის მასპინძლები გერმანია და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იყვნენ. მას 17 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც ერთხმად და ხაზგასმით აღნიშნეს ლიბიაში დეკემბერში დანიშნული არჩევნებისთვის ხელის შეწყობის აუცილებლობა.

"უცხოეთის ყველა სამხედრო ძალამ და დაინტერესებულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ლიბია" - ნათქვამია კონფერენციის შემაჯამებელ განცხადებაში. თუმცა, ამ ნაწილში თურქეთმა, რომელსაც საკუთარი ძალები ლიბიაში ჰყავს განლაგებული, თავი შეიკავა. ოთხშაბათს გამართულ პრეკონფერენციაზე, ლიბიის მთავრობის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ კონფერენციის შემდეგ, პროგრესი დაფიქსირდება ქვეყნიდან უცხოეთის სამხედრო ძალების გაყვანის საქმეში.

ლიბიაში დესტაბილიზაცია 10 წლის წინ, 2011 წლის ამბოხის შემდეგ დაიწყო, რომელსაც მხარს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი უჭერდა. ამბოხებულებმა ქვეყნის დიდი ხნის ლიდერი მოამარ კადაფი გადააგდეს. წლების მანძილზე, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი სხვადასხვა მთავრობა მოქმედებდა. გასული წლის ოქტომბერში მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის ერთ-ერთი პირობის მიხედვით, ლიბია ყველა უცხოელ მეომარს 90 დღის მანძილზე უნდა დაეტოვებინა.

შემდეგი გაჩერება საფრანგეთი და იტალიაა

ევროპაში ვიზიტის განმავლობაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საფრანგეთს ეწვევა, სადაც ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. მას მიეცემა შანსი კიდევ ერთხელ გადასცეს საფრანგეთს, "ჩვენს უძველეს მოკავშირეს, პრეზიდენტის გზავნილი და ესაუბროს მას თანამშრომლობის სფეროებზე, რომელიც მოიცავს გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის - პანდემიიდან გამოსვლის, ალიანსების აღდგენის და მოდერნიზების მიმართულებით" - აღნიშნავს ფილიპ რიკერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპის და ევრაზიის საკითხებში.

ამის შემდეგ ბლინკენი იტალიაში გაემგზავრება. რომში ის დაესწრება კიდევ ერთ კონფერენციას, რომელიც ისლამური სახელმწიფოს დამარცხების საქმეს ეძღვნება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ერთად, კონფერენციას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო უმასპინძლებს. ამის შემდეგ ენტონი ბლინკენი სირიის თემაზე გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ის მოგვიანებით ვატიკანში, რომის პაპსაც ეწვევა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG