ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიტყვის თავისუფლების გამოცდა


სიტყვის თავისუფლების გამოცდა
სიტყვის თავისუფლების გამოცდა

შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ სიტყვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით საკმაოდ წინააღმდეგობრივი დადგენილება მიიღო. რვა ხმით ერთის წინააღმდეგ საქმე კანზასის ერთ-ერთი ქრისტიანული ეკლესიის სასარგებლოდ გადაწყდა.

ქალაქ ტოპეკას ფუნდამენტური ეკლესიის მესვეურებს ავღანეთში და ირანში დაღუპული არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ჯარისკაცთა დაკრძალვაზე მიტინგების და საპროტესტო აქციების მოწყობა სურთ. მათ სწამთ, რომ სამშობლოსთვის დაღუპული ჯარისკაცები ღმერთმა ჰომოსექსუალობისთვის დასაჯა. დაკრძალვაზე მოსულ მომიტინგეთა ტრანსპარანტებზე წერია: „მადლობა ღმერთს გარდაცვლილი ჯარისკაცებისთვის“.

ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც არ მისცა ხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იყო სამუელ ალიტო. მისი თქმით, სიტყვის თავისუფლებისადმი ერთგულება არ უნდა გახდეს სამართლებრივი მანდატი მკაცრი და დაუნდობელი შეურაცხყოფისთვის.

საქმე სასამართლომდე მას შემდეგ მივიდა, რაც ერთ-ერთი დაღუპული ჯარისკაცის მშობლებმა ეკლესიის მესვეურების წინააღმდეგ საქმე აღძრეს. მოვუსმინოთ ალბერტ სნაიდერს, გარდაცვლილი ჯარისკაცის მამას:

„ერთადერთი, რაც ჩვენ გვინდოდა, ეს იყო შვილის ღირსებით და პატივისცემით დაკრძალვა. აზრის გამოხატვის უფრო ადამიანური და ცივილური ფორმებიც ხომ არსებობს, ვიდრე დაკრძალვაზე ისედაც გულმოკლული ხალხისთვის დამატებითი ტკივილის მიყენება“...

უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტის განცხადებით, ამერიკის მოქალაქეებისთვის სიტყვის, რელიგიის და მშვიდობიანი თავშეყრის თავისუფლება ქვეყნის კონსტიტუციის პირველი შესწორებით არის გარანტირებული. ამასთან იგი შენიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაც არის. მან შეიძლება სერიოზული შეშფოთება და დიდი ტკივილიც გამოიწვიოს. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ტოლერანტობა და დაიცვას მტკივნეული სიტყვის თავისუფლებაც კი.

XS
SM
MD
LG