ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონს საფრანგეთის პრეზიდენტი ესტუმრება


ვაშინგტონს საფრანგეთის პრეზიდენტი ესტუმრება

ორშაბათს, 10 იანვარს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვაშინგტონში საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლას სარკოზის შეხვდება. წელს საფრანგეთი დიდი რვიანისა და დიდი ოცეულის მონაცვლეობით პრეზიდენტობას ფლობს და, როგორც მოსალოდნელია, უმაღლესი დონის შეხვედრაზე ბატონი სარკოზი წინა პლანზე საფრანგეთის პრეზიდენტობის მთავარ იდეას წამოწევს, რომელიც მსოფლიო ფულადი სისტემის გარდაქმნაში მდგომარეობს.

როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი პარიზიდან იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი არ მალავს საკუთარ ამბიციას, რომ მას მსოფლიო ფულადი სისტემის გარდაქმნა სურს. ერთი წლის წინ სარკოზი ამ თემას შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეეხო.

სარკოზის იდეა მსოფლიო ფულადი სისტემის ისეთ გარდაქმნას ითვალისწინებს, რომელშიც შეერთებული შტატების დოლარი აღარ იქნება ძირითადი სარეზერვო ვალუტა. სარკოზის მიაჩნია, რომ ამგვარი გარდაქმნა უფრო ეფექტურად ასახავს მრავალწახნაგიანი მსოფლიოს რეალობასა და გლობალურ ასპარეზზე ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების აღმავლობას. სარკოზი მსოფლიო ფულადი სისტემის გარდაქმნის შესახებ მიმდინარე თვის მეორე ნახევარში ისაუბრებს, როცა იგი დიდი რვიანისა და დიდი ოცეულის წევრ-სახელმწიფოებს საფრანგეთის პრეზიდენტობის მთავარ ამოცანებს წარადგენს.

ეკონომიკური საკითხების ანალიტიკოსი პაოლა სუბაჩი ლონდონში მდებარე კვლევითი ორგანიზაცია „ჩათამ ჰაუსის“ თანამშრომელია. სუბაჩი სარკოზის იდეას მიესალმება.

„მსოფლიო ფულადი სისტემის სტრუქტურისა და საერთაშორისო ორგანიზაციის გადახედვა აუცილებელია. თუ ჩვენ ეკონომიკური თვალსაზრისით მრავალწახნაგიანი მსოფლიოსკენ ვმოძრაობთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიო ფულად სისტემაში ახლა ბევრად უფრო მეტი ეკონომიკა დომინირებს და ამდენად აუცილებელია სხვა ან სხვადასხვა სარეზერვო ვალუტის შემოღება,“ აღნიშნა პაოლა სუბაჩიმ.

სუბაჩის აზრით, მომავალში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში რეგიონალურ ვალუტას შემოიღებენ. მაგალითად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ამერიკული დოლარი იქნება მიმოქცევაში, ევროპაში ევრო, ხოლო აზიის რეგიონში კი ჩინური რენმინბი. თუმცა ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ეს პროცესი დიდ ხანს დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ლიდერები ბოლოს გასული წლის ნოემბერში ლისაბონში გამართულ ნატოს სამიტზე შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ პრეზიდენტმა ობამამ ყურადღება ამერიკა-ევროპის ურთიერთობების გაღრმავებას დაუთმო. მაგრამ ნატოს სამიტის შემდეგ ევროკავშირის მთავარი დიპლომატის კეთრინ ეშტონის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპა ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებას აღარ წარმოადგენს რადგან ამერიკა ახალ პარტნიორ სახელმწიფოებს ეძებს.

ამერიკის ისტორიის მცოდნე ექსპერტს პიერ გერვაისს, რომელიც პარიზის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლის, კეთრინ ეშტონის ანგარიშში მოცემული დასკვნების არ უკვირს.

„თუ ევროპა საკუთარ საგარეო პოლიტიკას შეთანხმებულად და თანამიმდევრულად შეიმუშავებს, მაშინ ევროპა შეერთებული შტატების სტრატეგიის ფარგლებში გარკვეულ და, ვფიქრობ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,“ დასძინა ისტორიკოსმა.

თუმცა გერვაისს მიაჩნია, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას ბევრი დრო დასჭირდება. მას ეჭვი ეპარება, რომ ბატონ სარკოზის ვიზიტი ვაშინგტონში ამ მხრივ რაიმე მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს.

XS
SM
MD
LG