ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია - ობამას ისრაელში ვიზიტის თემა


john kerry

თეთრი სახლი განაგრძობს მუშაობას პრეზიდენტ ასადის რეჟიმის შეცვლის მიზნით

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, ობამას ადმინისტრაცია არ ეწინააღმდეგება დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ სირიელი ამბოხებულების შეიარაღებას. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი არკვევდა.
შეერთებული შტატები უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს იმ არაბულ ქვეყნებთან, რომლებიც სირიის ოპოზიციას შეიარაღებაში ეხმარებიან. ამდენად, ვაშინგტონს ევროპელი პარტნიორებისგან ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა პრობლემას არ უქმნის.

„პრეზიდენტმა ობამამ ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გადაეღობება სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებს, რომლებიც იარაღის მიწოდებას გადაწყვეტენ, იქნება ეს საფრანგეთი, ბრიტანეთი თუ სხვა,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.

მისი განცხადებით, სირიაში სამხედრო დისბალანსი არსებობს. კერძოდ, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ირანი, ჰეზბოლა და რუსეთი ეხმარებიან. ეს კი, ჯონ კერის აზრით, „გლობალურ კატასტროფას“ ქმნის, სირიელი დევნილები იორდანიას, ლიბანს და თურქეთს აფარებენ თავს.

თუმცა, ჯონ კერის განცხადებით, ეს არ შეცვლის შეერთებული შტატების პოზიციას, რომელიც ამბოხებულებისთვის მხოლოდ არა-ლეტალური დახმარების გაწევას გულისხმობს. ამასთანავე, თეთრი სახლი განაგრძობს მუშაობას პრეზიდენტ ასადის რეჟიმის შეცვლის მიზნით.

„სისხლისღვრის გაგრძელებასთან ერთად, ჩნდება სირიის სახელმწიფო სტრუქტურების აფეთქების პერსპექტივა. რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის ძალიან სახიფათოა, რომ სირიაში არსებული ქიმიური იარაღი საშიში ხალხის ხელში ჩავარდეს. ჩვენ არ გვსურს, რომ ეს მოხდეს,“ - განაცხადა კერიმ.

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი სირიისთვის იარაღზე დაწესებული ემბარგოს მოხსნას ითხოვენ. ლონდონიც და პარიზიც მზად არის სირიელ ამბოხებულებს შეიარაღება მიაწოდონ.

თუმცა, გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები შიშობენ, რომ სირიაში იარაღის რაოდენობის გაზრდა უფრო დიდ სისხლისღვრას გამოიწვევს. ჯონ კერი აცხადებს, რომ ობამას ადმინისტრაცია პრეზიდენტ ასადისთვის კარს ღიად ტოვებს, რათა დამასკომ მოახერხოს პოლიტიკური გადაწყვეტილების პოვნა.

ჯონ კერი პრეზიდენტ ობამასთან ერთად ისრაელში მიემგზავრება, სადაც ერთერთი მთავარი განსახილველი თემა სირია იქნება. ვიზიტისას ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო პროცესს. როგორც ვაშინგტონში მყოფმა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბობ კარმა განაცხადა, ამ საკითხში შეერთებულმა შტატებმა ლიდერის როლი უნდა შეასრულოს.

“მჯერა რომ ჩვენ ისტორიული მომენტის წინაშე ვართ, როდესაც კონვერგენცია შესაძლოა მოხდეს რამალაში გადაწყვეტილების მიღებით და ისრაელში ახლახანს ჩატარებული არჩევნების შედეგებით,“ - განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიანმინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის პალესტინელებს მშვიდობის ხელს უწვიდს. მისი თქმით, “ისრაელი მზად არის ისტორიული კომპრომისისთვის.“
შეერთებული შტატები ისრაელის ამ ინიციატივას მიესალმა. ჯონ კერიმ გამოთქვა იმედი, რომ ისრაელის მთავრობის სიტყვები რეალობად გადაიქცევა.
XS
SM
MD
LG