ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სასტიკი შეცდომა,"- აშშ-ის საელჩო ბაბარიკას პატიმრობაზე


„სასტიკი შეცდომა,“- ასე ეხმაურება ბელარუსში ამერიკის საელჩო, ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტისა და მეტოქისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ვიქტორ ბაბარიკას 14 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მალევე ბელარუსში ამერიკის საელჩომ განცხადება ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

„დღეს მიღებული გადაწყვეტილებით გამოვლინდა ბელარუსის სასამართლო სისტემის სასტიკი შეცდომა. რომელიც აჩვენებს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით არაფერზე შეჩერდება,“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ვიქტორ ბაბარიკას საკითხზე განცხადება გაკეთდა გაეროშიც. ორგანიზაცია მოუწოდებს ლუკაშენკოს მთავრობას დაუყონებლივ გათავისუფლდეს 530 პატიმარი, რომელიც უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, პოლიტპატიმრებად არიან მიჩნეულები.

ვაშინგტონსა და ბრიუსელში არ გამორიცხავენ რომ ბელარუსს ახალი, დამატებითი სანქციები დაუწესონ.

გაეროს ანგარიშის თანახმად ბელარუსიდან, რეჟიმის ძალადობრივი ქმედებების გამო, ათასობით ადამიანი გაიქცა და თავშესაფარს სხვა ქვეყანაში ეძებს.

ლუკაშენკოს ყოფილ კონკურენტს ვიქტორ ბაბარიკას, სასამართლომ დღეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის კორუფციის ბრალდებით 2020 წლის ივნისში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე დააკავეს.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სასჯელის ვადა 15 წლით განსაზღვრა. იქიდან გამომდინარე, რომ ბაბარიკა ერთი წელია უკვე დაპატიმრებულია, ის ციხეში მომდევნო 14 წლის განმავლობაში დარჩება.

ბაბარიკა, რომელიც პრეზიდენტობისთვის იბრძოდა ამბობს, რომ უდანაშაულოა და კორუფციის ბრალდებით წარმოებულ საქმეს „შეთითხნილს“ უწოდებს.

ბაბარიკა 20 წლის განმავლობაში (2000-2020 წლებში) ხელმძღვანელობდა „ბელგაზრომბანკს“. მისი დევნა ბელარუსში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვა გადაწყვიტა. მასთან ერთად გასულ წელს დააკავეს ბანკის 15 თანამშრომელი. მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებამდე ბაბარიკა ბელარუსში ლუკაშენკოს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG