ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იანვრის შუა რიცხვებამდე ავღანეთიდან და ერაყიდან 3000 ჯარისკაცი აშშ-ში დაბრუნდება


დონალდ ტრამპის ბრძანებით, 20 იანვრის ინაუგურაციამდე ავღანეთიდან 2 000 ამერიკელი სამხედრო, ერაყიდან კი 500 ჯარისკაცი შინ უნდა დაბრუნდეს.

"15 იანვრამდე, ავღანეთში ჩვენი სამხედროების რაოდენობა 2 500 გახდება. ამავე დროისთვის, მათი რიცხვი ერაყშიც 2 500 იქნება", - განაცხადა თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ქრის მილერმა სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას.

მილერმა თქვა, რომ ავღანეთში ჯარების შემცირება არ უკავშირდება ამერიკის პოლიტიკის ან მიზნების ცვლილებას გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს პროცესი კი მისი თქმით, ისე იქნება განხორციელებული, რომ არ დაზარალდნენ არც ამერიკელი სამხედროები, არც დიპლომატები და არც დაზვერვის წარმომადგენლები თუ მოკავშირეები. განცხადების შემდეგ, მილერს შეკითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.

მსგავსი გეგმის შესახებ ოქტომბერში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმაც ისაუბრა. მაშინ გადაწყვეტილება პენტაგონმა არ დაადასტურა.

მილერმა განაცხადა, რომ ის უკვე ესაუბრა არაერთ ლიდერს, როგორც ამერიკაში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რათა მათთვის ამერიკის გეგმების შესახებ ეცნობებინა. მათ შორის კონგრესის ლიდერებს, ნატოს გენერალურ მდივანს - იენს სტოლტენბერგსა და ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG