ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ, პოტენციური ინფიცირების შემდეგ იზოლაციის დროის შემცირების საკითხს განიხილავს


შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრი განიხილავს საკითხს კარანტინის პერიოდის შესახებ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შესაძლოა “კოვიდ-19” -ის მქონე პირთან შეხება ჰქონდათ.

არსებული მითითებები, ასეთ ვითარებაში ადამიანებს 14 დღიან იზოლაციას ურჩევს, მაგრამ სამშაბათს ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ შესაძლოა ეს დრო დაუზუსტებელი ხანგრძლივობით შემცირდეს, თუ იზოლაციის პერიოდში ამ პირის ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებს.

შეერთებული შტატების მთავრობა ასევე მუშაობს გეგმაზე, რომ კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია სწრაფად გაანაწილოს, თუ ის მარეგულირებლის დასტურს მიიღებს.
სამშაბათს, გენერალმა გუსტავ პერნამ, რომელიც მთავრობის ოპერაციას უძღვება, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი მწარმოებლის მიერ შექმნილი ვაქცინის 40 მილიონი დოზა დეკემბრის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება.

საკვების და წამლების ადმინისტრაციამ 10 დეკემბერს უნდა გადაწყვიტოს, “ფაიზერის” ვაქცინას საგანგებო დასტური მისცეს თუ არა. იმავდროულად, მოსალოდნელია რომ კომპანია “მოდერნა” დასტურის მისაღებ განაცხადს მალე შეიტანს. ორივე კომპანიამ გამოაქვეყნა გამოცდების წინასწარი შედეგები, რომელიც ვაქცინების ეფექტურობას აჩვენებს.

დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრმა და ბევრი შტატის ხელისუფლებამ ადამიანებს დაჟინებით მოუწოდეს, მადლიერების დღეს მოგზაურობისგან თავი შეიკავონ ან ოჯახის წევრებთან დიდი შეკრებები არ გამართონ, რადგან შიშობენ, რომ ინფექციების მკვეთრად გაზრდილი ტალღა კიდევ უფრო გაუარესდება.
მეზობელ კანადაში მადლიერების დღე ოქტომბრის დასაწყისში იზეიმეს და მას შემდეგ, ყოველდღიური ინფიცირებების რიცხვი გაორმაგდა.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, შობის მოახლოებასთან ერთად შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავენ. საფრანგეთში ზოგიერთი მაღაზია კვლავ გაიხსნება და შესაძლოა 15 დეკემბერს, ინფექციის მეორე ტალღის შესაჩერებლად მთელ ქვეყანაში შემოღებული სახლში დარჩენის განკარგულება გაუქმდეს. პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა: “შეგვეძლება ნებართვის გარეშე მოგზაურობა, რეგიონებს შორის მოგზაურობის ჩათვლით და შობის დღესასწაულის ოჯახთან ერთად გატარება.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG