ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია განიხილეს


7 ივნისს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რამდენიმე რეზოლუციის პროექტის მოსმენა გაიმართა. განსახილველ საკითხთა შორის იყო წარმომადგენელთა პალატის №526 რეზოლუცია, რომელიც “დემოკრატიული და წარმატებული საქართველოს მშენებლობისა და ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებთან დაკავშირებული კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი გზით გადაწყვეტის” საკითხებს შეეხება.

სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ილიანა როს-ლეტინენი უძღვებოდა. კომიტეტის წევრებმა შემაჯამებელი განცხადებები გააკეთეს და ხაზგასმით დააფიქსირეს შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. საუბარი, ასევე, შეეხო მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაღრმავების აუცილებლობას.

“მსოფლიო თვალყურს ადევნებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესებს. არჩევნების წარმატებულად ჩატარება კი მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება იმისა, რომ ქვეყანა აგრძელებს დემოკრატიული პრინციპების გატარებასა და გაძლიერებას. აღნიშნული პროცესები კიდევ ერთი არგუმენტი იქნება საქართველოს სასარგებლოდ, გაერთიანდეს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში,” - განაცხადა ქალბატონმა როს-ლეტინენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანია რუსეთის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულება და ჯარების სრულად გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან.

“ეს დადგენილება ძლიერი გზავნილია იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ამ რეგიონების ოკუპაცია მიუღებელია და დაუყონებლივ უნდა დასრულდეს. ამ მიზეზთა გამო, ამ რეზოლუციას მტკიცედ ვუჭერ მხარს,” - განაცხადა თავმჯდომარემ.

დღევანდელი სხდომის შემდეგ, რეზოლუციის პროექტის განხილვის რეკომენდაცია გადაეცა წარმომადგენელთა პალატას საბოლოო კენჭისყრისათვის. კენჭისყრას პალატის სრული შემადგენლობა რამდენიმე კვირაში გამართავს.

რეზოლუციის პროექტის სპონსორია რესპუბლიკელი კონგრესმენი პენსილვანიიდან, ბილ შუსტერი.

XS
SM
MD
LG