ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დაზვერვის შეფი საფრთხეებზე საუბრობს


დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო სააგენტოებს, თავის მუშაობაში საიდუმლოების დაცვა სჭირდება. ხუთშაბათს გამართული საჯარო დისკუსიის დროს, მან განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს ისეთი ადამიანების პოპულარიზაცია, როგორებიც არიან ედუარდ სნოუდენი და ჯულიან ასანჟი, რომლებიც შეერთებული შტატების საიდუმლო დოკუმენტებს იპარავენ და ასაჯაროებენ.

ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამართული დისკუსიის დროს, სადაც მაიკ პომპეომ თავის სამსახურზე და შეხედულებებზე ისაუბრა, განაცხადა, რომ დაზვერვის ცენტრალური სააგენტო საჯაშუშო საქმიანობას მხოლოდ უცხოეთის მიმართ ეწევა.

„ჩვენ საიდუმლო ინფორმაციას უცხოელ მეოწინააღმდეგეებს, მტრულად განწყობილ პირებს და ტერორისტულ ორგანიზაციებს ვპარავთ და უნდა გითხრათ, ამით ვამაყობთ. ამ სადაზვერვო ინფორმაციას იმისთვის ვაანალიზებთ, რომ ჩვენმა მთავრობამ, ამ საშიშ და გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, მტრების შესახებ მეტი ინფორმაცია შეიძინოს. ამის გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ. ეს მძიმე საქმეა და მას ამის შესაბამისად ვეკიდებით,“ თქვა პომპეომ.

მან დასძინა, რომ დაზვერვის სააგენტოები, ამეიკელი ხალხის დასაცავად, კანონის შესაბამისად და კონგრესის დასტურით მოქმედებენ. ისინი კი, ვინც საიდუმლო დოკუმენტებს იპარავს ასე არ იქცევიან. პომპეომ თქვა, რომ მნიშვნელოვანია ამერიკელებმა გაიგონ, ედუარდ სნოუდენი და „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, შეერთებული შტატების უსაფრთხოებას ზიანს აყენებენ და მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელები ამას მიხვდნენ.

„ვიკილიქსი“ ისე გამოიყურება და ისე მოქმედებს, როგორც მტრული სადაზვერვო სამსახური, თქვა პომპეომ. "ის თავის მიმდევრებს აქეზებს იმისთვის, რომ სადაზვერვო უწყებებში სამსახური იშოვნონ, რათა დაზვერვის მონაცემები მოიპოვონ. ამან ჩელსი მანინგს კონკრეტული საიდუმლო ინფორმაციის მოპარვისკენ უბიძგა. ის ყურადღებას მეტწილად შეერთებულ შტატებზე ამახვილებს და იმავდროულად, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის და ორგანიზაციის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. დროა „ვიკილიქს“-ს მისი ნამდვილი სახელი ვუწოდოთ, ის არის არასახელმწიფო სადაზვერვო სამსახური, რომელიც ხშირად თამაშში ჩართულ ისეთ სახელმწიფოზეა მიბმული, როგორიცაა რუსეთი,“ განაცხადა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG