ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეგნანმა ეკონომიკური პოტენციალის შესწავლის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი მოინახულა


კელი დეგნანი ამბობს, რომ სიამოვნებით სარგებლობს საქართველოში შიდა ტურიზმის შესაძლებლობებით. შეერთებული შტატების ელჩმა გასული კვირის განმავლობაში პირველად მოინახულა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს "შესანიშნავი" რეგიონის გაცნობა და მისი ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა.

ელჩმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ქალ ბიზნეს ლიდერებთან ერთად იმოგზაურა. მათთან ერთად ჯგუფში იყვნენ საბჭოს „ქალები მომავლისთვის” წევრი მეწარმე ქალები, რომელთაგან ბევრი აშშ-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილე იყო. მათ ელჩ დეგნანს გაუზიარეს ის, თუ როგორ შთააგონა ისინი ამერიკაში მიღებულმა გამოცდილებამ და რამდენად დაეხმარა, გამხდარიყვნენ უფრო ძლიერი ლიდერები. საგრანტო პროგრამის ფარგლებში 100-ზე მეტმა ქალმა ვორქშოპების საშუალებით გაიარა სწავლება მენეჯმენტში, მარკეტინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში.

კელი დეგნანი სამეგრელოში და სვანეთში შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მეწარმეებს, მოინახულა ენგურის ჰიდრო-ელექტრო სადგური, ეწვია უშგულსა და მესტიას, გაეცნო ადგილობრივ კულტურას, ზუგდიდში ყველის გაკეთებაც კი ისწავლა. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის მონახულებისას, დეგნანი აღფრთოვანდა ეთნოგრაფიული ექსპონატებით, შუა საუკუნეების ხელნაწერებისა და ხატების კოლექციით, რომელთა შენახვა და დაცვა 2009 წელს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დააფინანსა.

ამერიკის ელჩი ასევე შეხვდა USAID-ის პროგრამა Zrda-ს რამდენიმე ბენეფიციარს. პროგრამა მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას, რასაც რეგიონებში პატარა და საშუალო ბიზნესების დახმარებითა და მათ მიერ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით აღწევს. შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ კვლავაც გააგრძელებს საგრანტო პროგრამების მხარდაჭერას, რათა საქართველოში კიდევ უფრო განვითარდეს ბიზნესის სექტორი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG