ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სამხედრო სტრატეგია ერაყსა და ავღანეთში


აშშ-ს სამხედრო სტრატეგია ერაყსა და ავღანეთში
აშშ-ს სამხედრო სტრატეგია ერაყსა და ავღანეთში

შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების სამხედრო სტრატეგია, რომელიც ერაყსა და ავღანეთში მეამბოხეების ლიკვიდაციასა და დემოკრატიის დამკვიდრებას ისახავს მიზნად, ამერიკელებს შორის პოპულარობას კარგავს. შეერთებული შტატების ოფიციალური პირების, კონგრესის წევრებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი გრძელვადიან და ძვირადღირებულ სამხედრო კამპანიებში მონაწილეობის კეთილგონივრულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ალ პესინი იუწყება, რომ საზოგადოებაში შეინიშნება აშკარა აზრთა სხვადასხვაობა, რაც შეიძლება იმის მომასწავებელი იყოს, რომ შეერთებული შტატები ახლებურად აფასებს ძალის გამოყენებას საკუთარი ინტერესების მისაღწევად.

როცა 2001 და 2003 წლებში ავღანეთსა და ერაყში ომი დაიწყო, შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ ამერიკა ამ ქვეყნების მთავრობებს დაამხობდა, წარმომადგენლობითი მთავრობების არჩევას ხელს შეუწყობდა, ამ სახელმწიფოების ტერიტორიას ტერორისტებისთვის გამოუსადეგარს გახდიდა და სამხედრო ძალებს სწრაფად გაიყვანდა. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ დაადასტურა, ამგვარი გათვლა წარუმატებელი აღმოჩნდა.

რეალურად აღმოჩნდა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები და დიპლომატები დაუსრულებელ და სისხლიან კონფლიქტებში ჩაფლულნი აღმოჩნდნენ. მათ აგრეთვე ეფექტური ადგილობრივი ხელისუფლების შექმნა და უსაფრთხოების ძალების მომზადება გაუჭირდათ. ავღანეთის ომი მეათე წლისთავს უახლოვდება და, როგორც ჩანს, კოალიციური ძალები იქ მინიმუმ კიდევ სამ წელს დარჩება. რვა წელზე მეტი ხნის შემდეგ შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევა ერაყში დეკემბერში უნდა დამთავრდეს, თუმცა იქაც კონფლიქტი კვლავინდებურად მძვინვარებს.

თებერვალში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ვესტ პოინტის აკადემიაში გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა არმიის მომავალ ოფიცრებს სიტყვით მიმართა, რომელშიც მან სამხედრო წრეების მზარდი შეშფოთება გამოთქვა:

„ჩემი აზრით, თუ მომავალი თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მისცემს რჩევას, რომ მან ამერიკის სახმელეთო არმია აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა თუ აფრიკაში საომრად უნდა გაგზავნოს, ფსიქიური მდგომარეობის შესამოწმებლად ექიმს უნდა მიმართოს.“

თავდაცვის მინისტრის შენიშვნებში ერაყისა და ავღანეთის ომებით გამოწვეული ტკივილი აისახა, სადაც მიუხედავად დანაკარგებისა ზოგიერთი სტრატეგიული ამოცანა მიღწეულ იქნა.

ამ ომებში შეერთებული შტატები და მოკავშირეები ცნობილ პრობლემას წააწყდნენ. მათ გაუჭირდათ მეამბოხეებთან გამკლავება რადგან ისინი სხვადასხვა მიზეზების გამო სახალხო მხარდაჭერით სარგებლობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში დამალვას ახერხებენ. ხოლო ავღანეთის შემთხვევაში მეამბოხეების საქმიანობას აადვილებს მეზობელ სახელმწიფოში მდებარე თავშესაფრები.

ვიეტნამის ომისა და სხვა კონფლიქტების შედეგად მიღებული დასკვნების ხელახლა ათვისებამ გარკვეული დრო დაიკავა და 2006 წელს შეერთებული შტატების სამხედროებმა მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული ახალი დოქტრინა ჩამოაყალიბეს. ეს სამხედრო დოქტრინა, მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის მოპოვებას, ადგილობრივი ლიდერების შერჩევასა და ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მომზადებას ითვალისწინებდა.

შემდგომში ხსენებული დოქტრინა ამერიკელი სამხედროების მთავარი დირექტივა გახდა. მართალია დოქტრინის განხორციელების შედეგად მიღწეულ იქნა ბევრი წარმატება, კონფლიქტი არ დასრულებულა. ოსამა ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ კი, კონგრესის წევრები, ობამას ადმინისტრაციის ოფიციალური პირები და მიმომხილველები ერთხმად შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ნატოს გეგმა ავღანეთში შემდეგი რამდენიმე წლის მანძილზე კოალიციური ძალების დარჩენას ისახავს მიზნად.

„როცა ჩვენ დოქტრინა შევიმუშავეთ, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა დიდ ხანს დაიკავებს და ძვირი და სისხლიანი იქნება. ახლა კი ხალხი ჩივის, რადგან ისინი თვალნათლივ ხედავენ, რომ მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული სტრატეგია ნამდვილად გრძელვადიანი, ძვირადღირებული და სისხლიანი აღმოჩნდა,“ დასძენს დოქტრინის ერთ-ერთი ავტორი, სამხედრო ისტორიკოსი და თადარიგში გასული შეერთებული შტატების არმიის ვიცე-პოლკოვნიკი კონრად კრეინი.

XS
SM
MD
LG