ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ავღანეთში თალიბი მეამბოხეებისა და ალ ყაიდას წინააღმდეგ ბრძოლაში წინსვლა შეინიშნება. გასულ წელს, ომის განმავლობაში პირველად, პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთში დამატებით 30 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა.
ცოტა ხნის წინ ქაბულში სიტყვით გამოსვლისას ამერიკის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა აღნიშნა, რომ თალიბანთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, რადგან მეამბოხეები შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით პატარა ტერიტორიას აკონტროლებენ.
„მე იმაში დარწმუნებული ვბრუნდები უკან, რომ ჩვენი სტრატეგია წარმატებით ხორციელდება და ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ის მიზანი, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ გასულ წელს დასახა,“ აღნიშნა გენერალმა.
ამ მიზნის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ავღანეთის შეიარაღებული ძალებისთვისა და მთავრობისთვის ქვეყნის უსაფრთხოების პასუხისმგებლობის მთლიანად გადაცემას 2014 წლისთვის ითვალისწინებს. ობამას გეგმა ასევე მოიცავს ძლაისხმევას, რომელიც ალ ყაიდასა და თალიბანს ავღანეთის მთავრობის დასუსტებასა და გადატრიალების მცდელობაში ხელს შეუშლის.
ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ბრუს ჰოფმანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ალ ყაიდასა და თალიბანზე წნეხი იზრდება მეამბოხეები მაინც აგრძელებენ დასავლეთის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.
„მათი სტრატეგია ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული დაგვახარჯინონ უსაფრთხოების საკითხებზე, როგორც ამერიკის შიგნით, ასევე მის გარეთა. ამასთან, მათ ჩვენი სამხედრო ოპერაციების მაქსიმალურად გახანგრძლივებაც სურთ.“
ავღანეთში ამერიკის ჯარების სარდალი გენერალი დევიდ პეტრეუსი აცხადებს, რომ ნატოს ჯარებმა თალიბანის გავლენის გავრცელება შეაჩერეს და მეამბოხეებს ბევრი მნიშვნელოვანი რეგიონი დააკარგინეს:
„ცხადია, რომ თალიბანი ჯერ კიდევ აკონტროლებს ისეთ ტეირიტორიებს, სადაც მეამბოხეებს წინააღმდეგობის გარეშე შეუძლიათ გადაადგილება. გარკვეულ ადგილებში მათი გავლენა კვლავ ძლიერია. ჩვენ ამ ორი მიმართულებით საქმიანობა უნდა გავააქტიუროთ.“
ავღანეთში სამხედრო პერსონალის რაოდენობის გაზრდის შემდეგ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ყანდაარისა და ჰელმანდის პროვინციებში მეამბოხეების გავლენა შემცირდა. მაგრამ გაჩნდა მოსაზრება, რომ ალ ყაიდას შევიწროვებული მებრძოლები სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადავიდნენ. ჩრდილოეთი კი აქამდე უსაფრთხო ადგილად იყო მიჩნეული.
ამრულა სალეჰი ავღანეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა. მისი თქმით, თალიბანის დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუ პაკისტანიდან მეამბოხეების დახმარების აღკვეთა წარმატებით მოხდება.
სალეჰი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯარისკცების რაოდენობის გაზრდამ მეამბოხეებს გარკვეული ტერიტორიები დააკარგინა, ამ მოქმედებამ მთავარ მიზანს ჯერ ვერ მიაღწია.
„მოიტანა თუ არა ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდამ რაიმე სახის ცვლილებები ძირითად საკითხებში? მოახერხა თუ არა ამან პაკისტანში მდგომარეობის შეცვლა? დავიჭირეთ ან გავანადგურეთ თალიებების ხელმძღვანელობა? შევძელით ალ ყაიდას დამარცხება? თითოეულ ამ კითხვაზე პასუხი არის არა.“
ისლამაბადში მდებარე კვლევისა და უშიშროების საკითხების ცენტრის დირექტორი იმტიაზ გული ამბობს, რომ გაცილებით მეტი დრო არის საჭირო იმისთვის, რომ დავინახოთ რამდენად წარმატებულია პრეზიდენტი ობამას საომარი სტრატეგია:
„ტაქტიკურ დონეზე გენერალი პეტრეუსისა და ავღანეთის მთავრობის განცხადებით გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია. მაგრამ მხოლოდ ტაქტიკური გამარჯვებები გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად საკმარისი არ არის. ამიტომ, კიდევ რამდენიმე თვე გვჭირდება იმისთვის, რომ ჯარების რაოდენობის გაზრდის წარმატებაზე დასკვნების გაკეთება დავიწყოთ.“
2011 წლის ივლისში პრეზიდენტი ობამა ჯარების ეტაპობრივი გამოყვანის დაყწებას გეგმავს.