ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოალიციური ძალების მიღწევები ავღანეთში


კოალიციური ძალების მიღწევები ავღანეთში
კოალიციური ძალების მიღწევები ავღანეთში

ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარების სარდლის განცხადებით კოალიციურმა ძალებმა გასულ წელს დიდ წარმატებებს მიაღწიეს და ახლა იმედი აქვთ, რომ გაზაფხულზე საომარი მოქმედებების გააქტიურებისთანავე თალიბებს გაუჭირდებათ დაკარგული პოზიციების დაბრუნება. თუმცა პოლიტიკური ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 2010 წელი არც თუ ისე წარმატებული იყო ავღანეთში მეომარი დასავლური კოალიციისთვის.

გენერალ დევიდ როდრიგესის განცხადებით გასულ წელს გაუმჯობესდა საერთაშორისო ძალებსა და ავღანეთის არმიას შორის კოორდინირებული მოქმედებების ხარისხი, რამაც თავის მხრივ უსაფრთხოების განმტკიცება და ავღანელების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება გამოიწვია.

პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა გენერალმა აღნიშნა, რომ ზამთარში ბრძოლების ჩაწყნარების ფონზე, როდესაც თალიბები პაკისტანში გადავიდნენ ან ადგილობრივ მოსახლეობას შეერივნენ კოალიციურმა ძალებმა მოახერხეს იმგვარი პირობების შექმნა, როდესაც თალიბებს გაუჭირდებათ გაზაფხულზე საომარი მოქმედებების გააქტიურება.

გენერალ პეტრეუსის განცხადებით:“ ჩვენი მიზანია ზამთრის პერიოდში გავააქტიუროთ მოქმედებები, როდესაც მოწინააღმდეგე გადაჯგუფებას და გადაიარაღებას ცდილობს. ამავე დროს მტერს ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ მან ვერ შესძლოს ფეხის მოკიდება მოსახლეობაში.“

გენერალ როდრიგესის თქმით კოალიციური ძალების და ავღანეთის არმიის ძალისმევით ხალხი უფრო აქტიურად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან იარაღის სამალავების და პარტიზანების ლიდერთა ადგილსამყოფელის აღმოჩენის საქმეში.

გენერალი როდრიგესი მიიჩნევს, რომ თალიბები გააქტიურდებიან გაზაფხულზე, მაგრამ მოსალოდნელია მათი ტაქტიკის შეცვლა. მისი თქმით:“ ახალი მდგომარეობის გათვალისწინებით მოწინააღმდგე მთავარ დარტყმას პოლიტიკურ ლიდერებსა და მთავრობის წარმომადგენლებზე მიიტანს.“

გენერალი როდრიგესი თვლის, რომ თალიბები მთავრობის მხარეზე გადასულ თავიანთ მოწინააღმდეგეებსაც არ დაინდობენ. რეინტეგრაციის პროცესში უკვე ათასამდე ყოფილმა თალიბმა მიიღო მონაწილეობა და მთავრობა უფრო მეტის გადაბირებას ცდილობს.

გენერლის ოპტიმიზმს არ იზიარებს ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსი მაიკლ ოჰანლონი, რომელიც ავღანეთში 9 წლიანი ომის მიღწევებს სკეპტიკურად უყურებს. მისი აზრით ავღანეთში კორუფციის აღმოფხვრის გარეშე არაფერი გამოვა, ამავე დროს უნდა მოხერხდეს პაკისტანის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაძლიერება, რათა მოთარეშეებმა ვერ შეძლონ პაკისტანში თავის შეფარება.

მაიკლ ოჰანლონის განცხადებით:“ მე არ ვთვლი რომ 2010 წელი კატასტროფა იყო ჩვენთვის, მაგრამ წარმატებებზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება არ ღირს მხოლოდ დაცემული მორალის ამაღლების მიზნით.“

ბრუკინგსის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ანალიტიკურმა, გამოკვლევამ ერაყში შექმნილი სიტუაციის შესახებ დიდი როლი ითამაშა სიტუაციის შემობრუნებაში 2007 წელს. მაგრამ ავღანეთის შემთხვევაში მაიკლ ოჰანლონი არ იზიარებს გენერალ როდრიგესის ოპტიმიზმს.

მისი აზრით 2011 წელს ძალადობის შემცირება არ არის მოსალოდნელი და თუ უახლოესი თვეების მანძილზე არ მოხერხდა მდგომარეობის გამოსწორება, მაშინ ამერიკელებს სტრატეგიის შეცვლა მოუწევთ, რაც ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას და მთელი პასუხისმგებლობის ადგილობრივ ხელისუფლებაზე გადაბარებას უნდა ითვალისწინებდეს.

გენერალი როდრიგესი იმედოვნებს, რომ პაკისტანის ხელისუფლება უფრო აქტიურად ჩაებმება ბრძოლაში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ვაზირისტანის პროვინციაში, რომელიც თალიბების თავშესაფარს წარმოადგენს და ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში ამერიკელებს გაუადვილდებათ თალიბების დამარცხება ავღანეთში.

XS
SM
MD
LG