ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ხდებოდა კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს მსოფლიოში


JHU Corona Map March 18
JHU Corona Map March 18

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს გარშემო მონაცემები ყოველ წუთში იცვლება. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, ვირუსით დაინფიცირებულია 235,404 ადამიანი, მათგან 9785 გარდაიცვალ, ხოლო 84,557 გამოჯანმრთელდა.

დღეს იტალიასა და ესპანეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა შემაშფოთებელია ირანშიც. თუმცა, ვიხილეთ მოვლენების დადებითი განვითარებაც. ჩინეთმა განაცხადა, რომ დღეს, ვირუსის გავრცელების დღიდან პირველად ადგილობრივი გადაცემის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, მსოფლიო ლიდერები ცდილობენ ფინანსური კრიზისის შესაჩერებლად ზომების მიღებას. ევროპის ცენტრალური ბანკი 280 მილიარდ ევროს გამოყოფს, ობლიგაციების შესაძენად. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და კონგრესმა კი მიიღეს გადაწვეტილება, რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის 1 ტრილიონი დოლარი გამოიყოს ამერიკის მოსახლეობის, მცირე ბიზნესებსა და ავიაკომპანიების დასახმარებლად.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე მიიღო კანონი, რომელიც ამერიკელისთვის უხელფასო შვებულების დაფარვას ითვალისწინებს.

ამ ფონზე, შეერთებულ შტატებში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება. ნიუ-იორკის შტატში ვირუსის გავრცელების 4,100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ კვირას შეერთებულ შტატებში, ოფიციალური მონაცემებით, 281,000 ადამიანმა თავი უმუშევრად გამოაცხადა, რაც წინა კვირის მონაცემებზე 33 პროცენტით მაღალია. ამერიკის ხაზინის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მარტის ბოლოსთვის უსამსახუროდ მილიონზე მეტი ადამიანი დარჩება.

ვირუსის ეპიცენტრები

ვირუსთან ბრძოლას განაგრძობს იტალიაც და ამკაცრებს საყოველთაო კარანტინის ზომებს. დღეს ვირუსთან ბრძოლაში იტალიაში 427 ადამიანი გარდაიცვალა. იტალიაში დღემდე კორონავირუსის შედეგად 3405 ადამიანი გარდაიცვალა. იტალიამ სიკვდილიანობის მაჩვენებლით, 19 მარტის მონაცემებით, ჩინეთს გადააჭარბა. ჩინეთის მონაცემებით ვირუსით 3,250 ადამიანია გარდაცვლილი. იტალიის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი, ერთი მოსაზრებით ისაა, რომ იტალიას მსოფლიოში ასაკოვანი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროცენტი ჰყავს. გარდაცვლილთა 87 პროცენტი 70 წლის ზემოთაა.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 25 პროცენტით გაიზარდა ესპანეთშიც და 17,147 მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის ესპანეთში 767-ია. იტალიის შემდეგ ესპანეთში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი შემთხვევაა.

რაც შეეხება ირანს, დღეს იქ კიდევ 1,046 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 1,284-ია.

მსოფლიოს გარშემო

ზომებს მიმართავს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა. ინდოეთმა დღეს განაცხადა, რომ აუქმებს კომერციულ ფრენებს, ხოლო ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ საკუთარი მოქალაქეების და რეზიდენტების გარდა, საზღვრები ყველასთვის ჩაკეტეს. გაერთიანებულმა საამიროებმა კი უფრო მკაცრი ნაბიჯი გადადგა და ემიგრირებულ მოქალაქეებს უკან დაბრუნება აუკრძალა.

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ აცხადებს მოსკოვიც. რუსეთი აცხადებს, რომ მათ კორონავირუსზე 133,000 ადამიანი შეამოწმეს და რომ ამ დროისთვის 22,000 ადამიანს აკვირდებიან. ამ დროისთვის რუსეთის მთავრობამ ვირუსის 147 შემთხვევის შესახებ განაცხადა. შემოწმება ჩაუტარდათ კრემლის თანამშრომლებსაც, რათა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის უსაფრთხოება დაცული იყოს. თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი ადეკვატურად არ აღწერს შემთხვევების რაოდენობას და რომ ბევრ შემთხვევას პნევმონიად არეგისტრირებენ.

დღეს ვირუსი დაუდგინა ასევე მონაკოს პრინცს და ევროკავშირის მთავარ წარმომადგენელს, მიშელ ბარნიერს ბრექსიტის (ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების) მოლაპარაკებებში.

კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა ასევე შეერთებული შტატების კონგრესში. დემოკრატ კონგრესმენს იუტიდან ბენ მაკადამს და რესპუბლიკელ კონგრესმენს ფლორიდიდან მარიო დიაზ-ბალარტს ვირუსი აღმოაჩნდათ.

ბრძოლა ვირუსთან

ამერიკელი მეცნიერები კორონავირუსის სამკურნალოდ 2 ახალ მედიკამენტებზე მუშაობენ. ისინი მედიკამენტებს ცდიან, რომლებიც მოსახლეობისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნება. ამჟამად, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს. ვირუსი სწრაფად გადადის ჰაერწვეთოვანი გზით და პაციენტებს, მხოლოდ ზოგადი სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლიათ.

მიმდინარე კვირაში მინესოტის უნივერსიტეტმა 1,500 ადამიანის მონაწილეობით კვლევა დაიწყო იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა მალარიის სამკურნალო მედიკამენტმა თავიდან ააცილოს პაციენტს ან შეუმციროს კორონავირუსით გამოწვეული სიმპტომები. კიდევ 2 სხვა კვლევა სწავლობს იმას, შეუძლია თუ არა წნევის წამალ "ლოსარტანს" გამოდგეს ვირუსის სამკურნალოდ.

პარალელურად, საქართველო ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ ფარმაკოლოგიურ კომპანია “გილიადთან” მოლაპარაკებას აწარმოებს მედიკამენტის მისაღებად, რომელიც 2015 წელს ებოლას ინფექციის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, რათა ის კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენოს. ჩინელი ექიმების ინფორმაციით, მედიკამენტი კოვიდ-19-ის წინააღმდეგაც ეფექტურია. ამ დროისთვის საქართველოში ვირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 262 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში 1,492 და გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG