ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაციონალური მოძრაობა პომპეზურობის პოდიუმზე


ფოტო "რადიო თავისუფლება", 20 იანვარი, 2017
ფოტო "რადიო თავისუფლება", 20 იანვარი, 2017

ნაციონალური მოძრაობა, განხეთქილების პირობებშიც ახერხებს დღის მთავარი თემა შექმნას და მთავარ ახალ ამბად იქცეს. ხოლო ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ძებნილად გამოცხადდა და რომელისთვისაც 2012 წლის შემდგომ საკუთარ სამშობლოში ჩამოსვლა შეუძლებელია, კვლავ რჩება ხელისუფლების მთავარ კონკურენტად. მან განდევნილის, კანონდამრღვევის და მარგინალიზებულის როლის მორგება კი შეძლო საკუთარი თავის სასარგებლოდ. ის ისევ ახერხებს იმას, რომ მისი ციტირება ყველა მედია საშუალებამ უზრუნველყოს და ახერხებს იმასაც, რომ არ დაიკარგოს მოლოდინი მისი, როგორ პოლიტიკური ლიდერის დაბრუნების შესახებ საქართველოში.

დღეს სპორტის სასახლეში ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გაიმართა. ექს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საინტერსო არავერბალური მესიჯი გამოგზავნა: ის არა უკრაინიდან, არამედ ვაშინგტონიდან ჩაერთო შეკრებილ საზოგადოებას ცოცხალი ეთერით და ტრადიციულად ემოციური ტექსტით მიმართა: „ივანიშვილისეული გეგმა ნაციონალური მოძრაობის გაქოცების და ნაციონალური მოძრაობის ჯიბეში ჩადების, ჩაიფუშა. ნურავინ ნუ ცდილობს გაგვაბანძოს (ტექსტი ავთენტურია – ნ.დ.) და ფსევდოლიბერალიზმის საბაბით ხელი აგვაღებინოს ჩვენს განსაკუთრებულობაზე იმიტომ, რომ ჩვენი განსაკუთრებულობა მითებში და ზღაპრებში კი არ არის, ჩვენ ეს დავამტკიცეთ მსოფლიოში განსაკუთრებული, ექსკლუზიური და ისეთი რეფორმებით, რომელიც ყველას აღტაცებას იწვევდა და იწვევს დღესაც.“

დღევანდელ პარტიულ თავყრილობას სპორტის სასახლეში არაფერი ემჩნეოდა, რომ სინამდვილეში პარტია მნიშვნელოვნად დაზარალებულია, რომ იგი, ფაქტობრივად შუაზე გაიხლიჩა და მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და ადამიანური რესურსი დაკარგა. ასეთ პირობებშიც კი ნაციონალური მოძრაობა ცდილობს მოახდინოს დემონსტრირება, რომ ის კვლავაც პირველი, მთავარი ოპოზიციური ძალაა და დანაკარგის პირობებშიც კი ახერხებს სპორტის სასახლის დელეგატებით ავსებას.

ნაციონალურ მოძრაობაში ამაყად აცხადებენ, რომ მათი მხარდამჭერი საქართველოში ნახევარი მილიონი ადამიანია. ამერიკის ხმა „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს კორნელი კაკაჩიას ესაუბრა და სთხოვა მოსაზრების გამოთქმა ოპოზიციის კრიზისისა და ოპოზიციის კონკურენციის შესახებ. „თუ გავიაზრებთ ბოლოდროინდელ მოვლენებს, რაც დაკავშირებულია ნაციონალური მოძრაობის გაყოფასთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყოდასასრული პროცესისა, რაც დიდი ხანია დაიწყო ქართულ პარტიულ პოლიტიკაში. ჩვენ დავკარგეთ ძირითადი ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის, ეგრეთ წოდებული ლიბერალური ცენტრი. ფაქტობრივად, ნაციონალები „უკანასკნელი მოჰიკანები“ აღმოჩნდნენ. ბევრი პოსტ–საბჭოთა ქვეყნის პარტიებისგან განსხვავებით, მათ მეტ–ნაკლებად შეძლეს გადარჩენა, თუმცა ისინიც ვერ გაექცნენ ბედს. ამით, დამთავრდა პროცესი, რასაც ეწოდება საქართველოს პარტიული პოლიტიკის ფრაგმენტაცია. ეს გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას და მათ შორის ხელისუფლებას იმ თვალსაზრისით, რომ იმ მოვლენების შემდგომ, რაც განვითარდა ოპოზიციურ სპექტრში, ჩვენ არ გვყავს ძლიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც კონკურენციას გაუწევდა მმართველ პარტიას და ოთხი წლის შემდგომ, ახალი არჩევნების პირობებში, ხელში აიღებდა მართვის სადავეებს. ეს გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს როგორც საზოგადოებას, ასევე პოლიტიკურ სპექტრს და ეს ხელს ვერ შეუწყობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების ტენდენციებს,“– აცხადებს კორნელი კაკაჩია.

რაც შეეხება თავად ნაციონალური მოძრაობის გაყოფის შედეგებს მისი ამჟამინდელი და ყოფილი შემადენლებისთვის, კონრელი კაკაჩია მათ შემდეგგვარად აფასებს: „ერთი შეხედვით ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის გაუყოფლობა უფრო მომგებიანი იქნებოდა მისი წევრებისთვის, მაგრამ სწორედ ეს გახდა მათი გაყოფის მიზეზი. არჩევნების შემდგომ, პარტიის ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მათი დაბრუნება ხელისუფლებაში ისეთი კონფიგურაციით, როგორითაც არსებობდნენ, შეუძლებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პარტიიდან გამოყოფილმა ნაწილმა ყველაფერი გააკეთა არჩევნებში გამარჯვებისთვის, მიიჩნიეს, რომ სააკაშვილთან ერთად შეუძლებელია პარტიის მომხრეების ზრდა. მათ უბრალოდ, არ სჯეროდათ სააკაშვილთან ერთად გამარჯვების. მეორე ჯგუფს, პირიქით, მიაჩნდა, რომ სააკაშვილის ფაქტორის გამო მიიღო პარტიამ ამდენი ხმა და სწორედ მის გარშემო უნდა მომხდარიყო კონსოლიდაცია. მათი მთავარი შეუთანხმებლობა და განხეთქილების ვაშლი სწორედ მომავალთან, სტრატეგიულ ხედვასთან დაკავშირებული, აბსოლუტურად განსხვავებულიშეხედულებები აღმოჩნდა“.

მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს: „პოლიტიკური სპექტრი ყოველთვის ლიდერების ირგვლივ იყო კონსოლიდირებული და ხშირ მიგრაციებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ყველაზე სტაბილურ პარტიებშიც კი ასეთი ცვლილებები ალბათ, არასახარბიელოდ აისახება, ზოგადად დემოკრატიის განვითარების პროცესზე. ოპოზიცია ხელისუფლების მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს და გარკვეულ რისკებს ატარებს. თუ ამას დაემატება რუსეთავი 2–ის სასამართლო პროცესის არასახარბიელო განვითარება, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლების შემაკავებელი და გამაწონასწორებელი ბოლო ინსტიტუტიც მოირღვევა, რაც საბოლოოდ პლურალიზმს აზარალებს.“

ნაციონალურ მოძრაობას ახალი პოლიტ საბჭო ჰყავს. ყოფილი პრემიერი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალურ მდივანის თანამდებობაზე რჩება – ასეთი გადაწყვეტილება ყრილობაზე იქნა მიღებული, თუმცა მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავად ვანო მერაბიშვილთან ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ ყოფილა. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ის ვაკანტური რჩება.

XS
SM
MD
LG