ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე - კახა იმნაძემ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა


კახა იმნაძე, გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი.

გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს მტკიცე და პრინციპული პოზიცია დაიკავოს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე. კახა იმნაძემ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ქართველი ექიმის უკანონო დაკავების შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატების ფარგლებში ისაუბრა.

იმნაძის თქმით, უფასო ჯანდაცვის მომსახურება, საქართველოს მთავრობის „მშვიდობისა და ჩართვის პოლიტიკის“ მთავარი მიმართულებაა, რისი მეშვეობითაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებზე მიუწვდებათ ხელი. დიპლომატის თქმით, აღნიშნული პროგრამა ცხინვალში სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

კახა იმნაძემ, სიტყვით გამოსვლისას 70 წლის მარგო მარტიაშვილის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმმა ქალბატონს, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, გამშვები პუნქტის გადაკვეთისა და საავადმყოფოში მისვლის საშუალება არ მისცა. მოგვიანებით პაციენტი გარდაიცვალა.

გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატები, ნიუ-იორკში, 19 ნოემბერს გაიმართა. დებატების მონაწილეებმა, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში, შერიგების როლზე ისაუბრეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG