ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტყვია ქართველ ბავშვებში - ტოქსიკური სიმართლე


ტოქსიკური სიმართლე: ტყვიასთან შეხება ბავშვების მთელი თაობის პოტენციალს ემუქრება - ამ სათაურით გამოქვეყნებულ იუნისეფის ახალ ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნებს შორის სახელდება, სადაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტადაა გავრცელებული. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ პირველად შედგენილ გლობალურ ანგარიშში, საქართველოს შესახებ მონაცემები ეფუძნება 2019 წლის აპრილში გამოქვეყნებულ მასშტაბურ კვლევას.

2018 წელს, სექტემბრიდან დეკემბრამდე ინტერვალში, 1 578 ქართველ ბავშვს აუღეს სისხლის ანალიზი. მათ შორის, 41%-ს აღმოაჩნდა სისხლში ტყვია 5 მკგ/დლ (მიკროგრამი/დეცილიტრზე) ან კიდევ უფრო მაღალი რაოდენობით. აქედან 25%-ს ჰქონდა 5-10 მკგ/დლ; 16%-ს - 10 მკგ/დლ-ზე მეტი. საუბარია 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ეს მონაცემი განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 10-ჯერ აღემატება.

ტყვია ნეიროტოქსინია, ასევე - კანცეროგენული ნივთიერება და მისი დასაშვები ნორმა არ არსებობს. 5 მკგ/დლ არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც, ადამიანს ექიმის მეთვალყურეობა ესაჭიროება. ტყვიასთან შეხებას ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემის დაზიანება შეუძლია. იმის გამო, რომ ტყვიასთან შეხების შემდეგ პაციენტს გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნება, მოწამვლა ძალიან ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

ტყვიასთან მინიმალურ შეხებასაც კი შეუძლია ბავშვის ჯანმრთელობის და კოგნიტური განვითარების დაზიანება. ის ასოცირდება დაბალ ინტელექტთან, ყურადღების მობილიზების პრობლემებთან, მოგვიანებით - ძალადობრივ და კრიმინალურ ქცევასთანაც კი. ეს ყოველივე ადამიანის შემოქმედებით უნარებზე და საბოლოო ჯამში, მის პროდუქტიულობაზეც აისახება. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ 5 წლამდე ასაკის ბავშები არიან.

ტყვიასთან ხანგრძლივ შეხებას ჰაერით, წყლით ან საკვებით, შეუძლია სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ტყვიით მოწამვლას დედამიწაზე 900 000-მდე ნაადრევ სიკვდილს უკავშირებენ.

იუნისეფის ანგარიში

დედამიწაზე 800 მილიონამდე ბავშვია ტყვიით მოწამლული. ზოგი მდიდარი ქვეყნის ღარიბ დასახლებებში ცხოვრობს, თუმცა უმრავლესობა მაინც ღარიბი ქვეყნიდანაა. იუნისეფის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ტყვიის მაღალი დონე ყოველ მესამე ბავშვში აღინიშნება (5 მკგ/დლ და ზევით).

ტყვიით მოწამლული ბავშვების უმრავლესობა აფრიკაში და აზიაში ცხოვრობს, თუმცა ბევრია აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშიც - ამბობს კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი ნიკოლას რისი. ის გაეროს ბავშვთა ფონდში კლიმატის, ენერგიის და გარემოს დაცვის პოლიტიკის სპეციალისტია.

ნიკოლას რისი, კლიმატის, ენერგიის და გარემოს დაცვის პოლიტიკის სპეციალისტი იუნისეფში
ნიკოლას რისი, კლიმატის, ენერგიის და გარემოს დაცვის პოლიტიკის სპეციალისტი იუნისეფში

ბავშებმა შეიძლება ტყვია მშენებლობის მტვერთან ერთად შეისუნთქონ, ხელით შეეხონ ზერელედ გადაყრილ აკუმულატორებს, ეძინოთ ტყვიის შემცველი საღებავით შეღებილ შენობაში, ითამაშონ დაბინძურებული პლასტმასის სათამაშოებით, საჭმელი მიიღონ ჭურჭლიდან, რომელშიც ტყვიაა, ან მათ საკვებშივე იყოს ტოქსიკური ნივთიერება.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ნიკოლას რისი "ამერიკის ხმასთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაა, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება ბავშვების სისხლში ტყვიის დონის მონიტორინგის და პოტენციური რისკ-ფაქტორების გამოვლენის. რაც უფრო ძლიერია ჯანდაცვის სისტემა, მით მეტი უნარი აქვს შეაფასოს და უპასუხოს ტყვიით მოწამვლის გამოწვევებს - აღნიშნავს ანგარიშის თანაავტორი.

მისი თქმით, ასევე უმნიშვნელოვანესია მოწამვლის პრევენცია და ამ მიმართულებით მუშაობა: როცა ტყვია ორგანიზმში აღწევს, ის ისეთ დაზიანებებს იწვევს, რომელიც პოტენციურად გამოუსწორებელია. სწორედ ამიტომაა პრევენცია ყველაზე მნიშვნელოვანი. იმისთვის, რომ ბავშვები ტყვიასთან შეხების მაღალი რისკის ობიექტებს მოვარიდოთ, ჯერ მათი იდენტიფიკაციაა საჭირო. უნდა ვიპოვოთ პროდუქტები, რომელიც ტყვიას შეიცავს“.

ნიკოლას რისი საზოგადოებაში ტყვიის შესახებ ცნობადობის გაზრდასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აუცილებელია ამ საკითხზე ფართო საზოგადოებამ რეალურად უკეთ იცოდეს, იცოდეს ის, თუ რამდენად უარყოფითი შეიძლება იყოს მიღებული შედეგები. მოწამვლის სრულად მატერიალიზაციას ხომ ზოგჯერ წლები სჭირდება, [ტყვია] შეიძლება ბავშვის ორგანიზმში, მის ძვალში დიდხანს ინახებოდეს... ჩვენ უნდა გავაცნოთ ხალხს რისკები, რომ მათ ქცევა შეცვალონ, თავი უკეთ დაიცვან- ამბობს იუნისეფის წარმომადგენელი.

და ბოლოს, მთავრობამ უნდა მიიღოს შესაბამისი რეგულაციები და მოსპოს ტყვიით დაბინძურების წყაროები - ესეც აბსოლუტური აუცილებლობაა, აღნიშნავს ანგარიშის ავტორი. ნიკოლას რისის თქმით, განვითარებულ ქვეყნებში ტყვიით მოწამვლის შემცირების საქმეში ძალიან დიდი როლი ითამაშა მაგალითად, საწვავის შემცველობის რეგულაციებმა. ასევე უნდა მოხდეს ნაგავსაყრელების უკეთ რეგულირება, სადაც შეიძლება არასწორად გადაყრილი მანქანის აკუმულატორები მოხვდეს - აღნიშნავს ის.

იუნისეფის ანგარიშში ტყვიის რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ წყაროზეა საუბარი. მათ შორის სახელდება წყალი, რომელიც ტყვიით დაბინძურებულ მილებში მოედინება; ინდუსტრიული დაბინძურება, როგორიცაა მაგალითად მაღაროების და ნაგავსაყრელების მიდამოები; ინდუსტრიული საღებავი; ბენზინი; კონსერვები; ჭურჭელი; სუნელები; კოსმეტიკა; წამლები; სათამაშოები და მრავალი სხვა.

მშობლებს, რომლებსაც სამსახურში აქვთ შეხება ტყვიასთან, ის მოაქვთ შინ ბავშვებთან ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თმის, თუ ხელების საშუალებით. ასევე გავრცელებულია ორსული ქალების მიერ ტყვიის გადაცემა შვილისთვის საშვილოსნოში.

ქართული სუნელები ნიუ-იორკში - 3 წლის შემდეგ

მას შემდეგ, რაც 2017 წლის ივლისში, „ამერიკის ხმა“ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტს ქართულ სუნელებში აღმოჩენილი ტყვიის გამო პირველად დაუკავშირდა, ზუსტად 3 წელი გავიდა. სიტუაცია ამერიკის ყველაზე დიდ ქალაქში, სადაც ქართველი იმიგრანტების ყველაზე მოცულობითი დიასპორა ცხოვრობს, ჯერჯერობით არ შეცვლილა.

როგორც ირკვევა, მეგაპოლისმა მას შემდეგ თავადაც გამოიკვლია ქვეყანაში შემოტანილი სუნელები. ნიუ-იორკში იმპორტირებული სანელებლების 1 496 ნიმუში შეისწავლეს. აქედან ტყვია 50%-ში, 41 ქვეყნიდან ჩამოტანილი 50 დასახელების სუნელში აღმოჩნდა. იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ჩამოტანილ სუნელში ტყვია ყველაზე მაღალი კონცენტრაციით იპოვეს, პირველი საქართველო სახელდება. შემდეგ მოდის ბანგლადეში, პაკისტანი, ნეპალი და მაროკო.

ქალაქ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა პატრიკ გალაჰიუმ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ საქართველოდან ჩამოსულ ბავშვებში და ორსულ ქალებში ტყვიით მოწამვლის შემთხვევები სხვებთან შედარებით, არაპროპორციულად მაღალია. ქართულ სუნელებზე ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის კვლევის შემდეგ, დაიწყო გამოძიებები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. დეპარტამენტის თანამშრომლები რუტინულად აწარმოებენ საგანმანათლებლო და პროპაგანდისტულ სამუშაოებს, რათა გაიზარდოს ცნობადობა ტყვიასთან შეხების რისკებზე, რაც მსგავსი დაბინძურებული სუნელების გამოყენებასთან ასოცირდება - აცხადებს პატრიკ გალაჰიუ.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტს სუნელებთან დაკავშირებული გაფრთხილება ისევ უდევს თავის ვებგვერდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე. განცხადებაში დასახელებულია რამდენიმე პოტენციურად სარისკო ქართული სუნელი. ესენია: ყვითელი ყვავილი ან ზაფრანა; სვანური მარილი; ხმელი სუნელი ან ხარჩოს სუნელი; მწარე წიწაკა; კერი; კოჭა; ქინძი; კვლიავი; ქართული მარილი ან სვანური მარილი; უცხო სუნელი ან შამბალა; მშრალი აჯიკა და საცივის სუნელი.

სუნელების ჩამონათვალი ქ. ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის გაფრთხილებაში
სუნელების ჩამონათვალი ქ. ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის გაფრთხილებაში

„თუ თქვენ შეიძინეთ ან მიიღეთ სანელებლები საქართველოდან, სთხოვეთ თქვენს ექიმს, ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი ტყვიაზე. თუ არ გყავთ ექიმი, დახმარების მისაღებად დარეკეთ 311-ზე“ - ამბობს ქართველ იმიგრანტებზე გათვლილი განცხადება.

სიტუაცია საქართველოში

საქართველოში ამ 3 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა. გარდა იმისა, რომ პირველ ეტაპზე ჩატარდა მოცულობითი კვლევა, რომელზეც ზევით, მასალის დასაწყისშივე ვისაუბრეთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას თქმით, მოხდა საინფორმაციო მომზადებაც, მოეწყო მედია-კამპანიები მოსახლეობაში ტყვიის და მისი ტოქსიკურობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით. მუშაობას აგრძელებს სახელმწიფო პროგრამაც.

ლელა სტურუა, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, NCDC
ლელა სტურუა, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, NCDC

ლელა სტურუამ "ამერიკის ხმასთან" საუბარში თქვა: „2019 წლის სახელმწიფო პროგრამა რომ შევაჯამო ორი სიტყვით, [სისხლში ტყვიის] მაჩვენებლების კლება აღინიშნება, 5 მკგ/დლ შემცველობა ნაკლებ ბავშვს ჰქონდა, ვიდრე პირველ კვლევაში. 2020 წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ სახელმწიფო პროგრამა და მასში შედის 0-დან 7 წლამდე ნებისმიერი ბავშვი, ვიზეც პედიატრი ეჭვს მიიტანს, რომ შესაძლოა საქმე ჰქონდეს ტყვიის მაღალ შემცველობასთან. დღეისთვის დაახლოებით 1 500 ბავშვია ჩართული 2020 წლის პროგრამაში. კოვიდ-19 პანდემიის მიუხედავად, პროგრამა არ გაჩერებულა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის პრიორიტეტულია, მოთხოვნადია და ინტერესიც მაღალია“.

ლელა სტურუას განცხადებით, მომზადებულია ათწლიანი სტრატეგიული გეგმაც, რომელიც 2020-2030 წლებზეა გათვლილი და რომელიც ტყვიის პრობლემაზე, მისი წყაროების დადგენაზე და პრევალენტობაზე სისტემატურად იმუშავებს. საქართველოს ამ საქმეში ტრადიციული პარტნიორებიც ეხმარებიან. ლელა სტურუას თქმით, მათ შორის არიან შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი, ემორის უნივერსიტეტი ჯორჯიის შტატში და თავად გაეროს ბავშვთა ფონდიც.

იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში, ექიმი ღასან ხალილი ადასტურებს, რომ მათ ერთობლივად დაიწყეს მეორე ეტაპზე [ტყვიით დაბინძურების] წყაროების და გზების მოძიება. ასევე დაწყებულია მესამე ფაზა: რეაგირების ეროვნული გეგმის განვითარება და დანერგვა“.

ანდრია ნადირაძე, იუნისეფის საქართველოს მონიტორინგის და შეფასების სპეციალისტია. ის ამავდროულად ფონდში ტყვიის პროექტის ხელმძღვანელიც არის.

ანდრია ნადირაძე, საქართველოში იუნისეფის ტყვიის პროექტის ხელმძღვანელი
ანდრია ნადირაძე, საქართველოში იუნისეფის ტყვიის პროექტის ხელმძღვანელი

ანდრიას თქმით, „საქართველოში დიდი ალბათობით ყველაზე ცუდად არ არის საქმე, უბრალოდ საქართველო არის იმ ქვეყნების მცირე რიცხვში, რომელმაც ეს პრობლემა გაზომა... ტყვიის პრევალენტობას ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში ზომავენ, როგორიცაა მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც პრევალენტობა (ფართოდ გავრცელება) ახლა დაახლოებით 3 პროცენტს შეადგენს. მაგრამ, სამი ათწლეულის წინ იქ ტყვიის გავრცელება ორნიშნა რიცხვებში იყო“.

საქართველოში იუნისეფის ტყვიის პროექტის ხელმძღვანელი "ამერიკის ხმას" ეუბნება, რომ ხელისუფლება, განსაკუთრებით კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამირან გამყრელიძის მეთაურობით, ძალიან დაინტერესებულია ტყვიის პრობლემის მოგვარებით და თავიდან ბოლომდე ჩართულია ერთობლივ სამუშაოებში. პარტნიორები ამჯერად ტყვიის ახალი ლაბორატორიის მომზადების პროცესში არიან.

იუნისეფმა საქართველოს მთავრობას აპრილში გადასცა ტყვიის წყაროების შესწავლისთვის გამიზნული ტოქსიკური მეტალების საკვლევი მოწყობილობები. დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცა ოთხი სწრაფი დეტექციის აპარატი (რენტგენის ფლუოროსცენტული ანალიზატორი), სხვადასხვა სახის ნიმუშში ტოქსიკური მეტალების შემცველობის განმსაზღვრელი პორტატული მოწყობილობა.

20 ივლისს კი დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადასცეს ატომურ აბზორფციული სპექტრომეტრი - ლაბორატორიული დანადგარი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ნიმუშში (სისხლში, წყალში, საკვებში, ა.შ.) ტოქსიკური მეტალების (ტყვია, კადმიუმი და არსენიკი...) შემცველობის განსასაზღვრად. ორივე შემთხვევაში, ლაბორატორიული მოწყობილობები ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიძინა.

„ამას გარდა, ვაგრძელებთ კვლევით სამუშაოებსაც, კეთდება ტყვიის ექსპოზიციის რისკების სტატისტიკური ანალიზი. მაგალითად, გვაინტერესებს, არის თუ არა კავშირი ტყვიის გავრცელებას და ბავშვის დედის განათლების დონეს შორის. უნდა მოხდეს რისკის პროფილის ჩამოყალიბება, რითაც შევძლებთ დავეხმაროთ ხელისუფლებას იმის განსაზღვრაში, თუ პრევენციის მიზნით, საით მიმართოს ფოკუსი, რა ჯგუფის ბავშვები არიან უფრო მოწყვლადი ამ პრობლემის მიმართ“ - აღნიშნავს ანდრია ნადირაძე "ამერიკის ხმასთან" სატელეფონო საუბარში.

საქართველოში იუნისეფის ტყვიის პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კვლევის მომდევნო ეტაპიც, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დასრულდება, ასევე ძალიან საინტერესო იქნება საქართველოსთვის. მათ ხელთ უფრო სრულყოფილი სურათი ექნებათ, ჰიპოთეზებით ტყვიით დაბინძურების წყაროების და ბავშვებში ექსპოზიციის შესახებ. ეს საველე სამუშაოების უკეთ დაგეგმვის საშუალებას მისცემთ, რომ დაბინძურების კონკრეტულ ადგილებზე გასვლა და შესწავლა მოხდეს.

ქართველი ბავშვები და ტყვიის პრობლემა - იუნისეფი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:24 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG