ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს 68-ე ასამბლეა გაიხსნა


24 სექტემბერი, 2013
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გენერალური ასამბლეის სხდომა გახსნა და მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს სირიისთვის იარაღის მიწოდება შეწყვიტონ. ბან კი მუნის განცხადებით, ყველა სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ სისხსლისღვრის ხელშეწყობა და არ მიაწოდოს არცერთ მხარეს იარაღი.

ასამბლეაზე სიტყვით შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოვიდა. მიმართა რა გაეროს წევრი ქვეყნების მეთაურებს, პრეზიდენტმა ობამამ საერთაშორისო შეთანხმების აუცილებლობაზე ისაუბრა, იმ შემთხვევაში, თუკი სირია ქიმიური იარაღის დათმობის პირობას არ შეასრულებს. შეერთებული შტატების ლიდერის თქმით, მსოფლიო დღეს ბევრად უფრო სტაბილურია, ვიდრე 5 წლის წინათ იყო. პრეზიდენტმა ობამამ ასევე ხაზი გაუსვა იმ გამოწვევასაც, რომლის წინაშე ის პრეზიდენტობის პერიოდში აღმოჩნდა. შეერთებული შტატების ლიდერის განცხადებით, ეს იყო თანამედროვეობის ყველაზე ძლიერი ეკონომიკური კრიზისი. ამჟამად ამ მხრივ აშკარა პროგრესი შეინიშნება, რაც გლობალური ეკონომიკური სისტემის სტაბილიზაციაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში გამოიხატება. ამერიკის პრეზიდენტი ერაყსა და ავღანეთში ომების დასრულებას და დაზვერვის სამსახურებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებსაც შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით ოთხშაბათს, 25 სექტემბერს გამოვა. ის საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაში არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და სხვა ოფიციალური პირები.
XS
SM
MD
LG