ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული წყალქვეშა მილსადენებიდან გაზმა გაჟონა


27 სექტემბერს შვედეთმა გაავრცელა გაფრთხილება ორი გაჟონვის შესახებ, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ზე მოხდა. ცოტა ხნით ადრე, სხვა გაჟონვა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზეც აღმოაჩინეს, რის გამოც დანიამ 5 საზღვაო მილის რადიუსში საზღვაო გადაზიდვები შეზღუდა. სკანდინავიელი მეზობლები, შვედეთი და დანია, ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი ორი რუსული გაზსადენიდან მომხდარი გაჟონვის შესაძლო მიზეზებს იკვლევენ. გაზსადენის მმართველმა კომპანიამ გაჟონვას „უპრეცედენტო“ უწოდა.

შვედეთის ეროვნული სეისმოლოგიური ქსელი ამბობს, რომ უჩვეულო გაჟონვის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ძლიერი აფეთქებაც დაფიქსირდა. ქსელის განმარტებით, ერთი აფეთქება ორშაბათს, დანიის კუნძულ ბორნჰოლმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაფიქსირდა, მოგვიანებით, ღამით კი მეორე უფრო ძლიერი აფეთქება კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სააგენტოს ცნობით, მეორე აფეთქება 2.3 მაგნიტუდის მიწისძვრის სიმძლავრის მსგავსი იყო.

მოსკოვმა „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ით ევროპაში გაზის მიწოდება ჯერ შეამცირა, სანამ აგვისტოში სრულად შეწყვეტდა და განაცხადა, რომ დასავლურმა სანქციებმა ტექნიკური სირთულეები გამოიწვია.

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანიამ ამ მილსადენიდან გაზის იმპორტის გეგმებზე უარი თქვა. თუმცა, ორივე მილსადენში ამ დროისთვის წნევის ქვეშ მყოფი გაზი იყო.

კომპანია “Nord Stream AG”-მ, რომელიც მილსადენებს მართავს, 27 სექტემბერს განაცხადა, რომ გაზსადენის სისტემის ხმელეთზე განლაგებული სამი ხაზი ერთ დღეში „უპრეცედენტოდ“ დაზიანდა და იქვე დაამატა, რომ შეუძლებელი იყო თქმა, გაზის ქსელის სრული გამტარუნარიანობა როდის აღსდგებოდა.

კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა 27 სექტემბერს თქვა, რომ გაჟონვების მიზეზად შესაძლო დივერსიას ვერ გამორიცხავს.

იმავდროულად, 27 სექტემბერს „ბალტიის მილის“ გახსნის ოფიციალური ცერემონიაც გაიმართა, რომელიც რუსეთის მიერ ვარშავის მომარაგების შეწყვეტის შემდეგ, ევროპის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად ამოქმედდა. ეს არის ახალი წყალქვეშა მილსადენი, რომელიც ნორვეგიულ გაზს პოლონეთს მიაწვდის.

დასავლეთ პოლონეთში გამართული ცერემონიის დროს, ნორვეგიის ენერგეტიკის მინისტრმა თქვა, რომ ეს მოვლენა ევროპის მხრიდან რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებლობისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი გზის საძირკველია. დანიის პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ მილსადენის გახსნა "გადამწყვეტ გეოპოლიტიკურ ნაბიჯს ნიშნავს“. პოლონეთის პრეზიდენტმა მილსადენს „პოლონური ოცნებაც“ კი უწოდა.

XS
SM
MD
LG