გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ სირიის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ის გმობს ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა სისტემატურ დარღვევებს და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვისათვის საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.
ხუთი თვის წინ სირიელმა ხალხმა უსამართლობის, სიღატაკის და ხელისუფლებაში არსებული კორუფციის გამო ამბოხი დაიწყო. იმის მაგივრად, რომ ხალხის მოთხოვნებისთვის მოესმინა, მთავრობამ მშვიდობიან მოსახლეობას სამხედრო და უშიშროების ძალები დაუპირისპირა. დღევანდელი მონაცემებით სირიაში 2 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, განაცხადა: „სანდო წყაროებზე დაყრდნობით სირიის მთავრობა ადამიანის უფლებებს სისტემატურად არღვევს. მათ შორის ოპოზიციონერთა წამების და სიკვდილით დასჯის მრავალჯერადი ფაქტებია. ქალაქ ჰომსში დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული უკანასკნელი სადამსჯელო ოპერაცია სამწუხაროდ პრეზიდენტ ასადის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის უპატივცემულობის კიდევ ერთი დასტურია“- აღნიშნავს ქალბატონი კლინტონი.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი საგამომძიებო კომისიის დანიშნვის შესახებ სირიელ ხალხს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას აჩვენებს, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. მანდატზე საბჭოს 30 წევრი ქვეყანა მუშაობდა: ამერიკის და არაბული სამყაროს მთავარი ბირთვის, მათ შორის საუდის არაბეთის, კატარის, იორდანეს და კუვეიტის ჩათვლით.
ქალბატონი კლინტონის განცხადებით „საბჭო გამოიძიებს სირიის ხელისუფლების მიერ ჩადენილ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა კანონმდებლობის დარღვევის ყველა ფაქტს და საერთაშორისო საზოგადოებას დაეხმარება სწორი რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე სირიაში.
შეერთებული შტატები უმკაცრესად გმობს მშვიდობიანი დემონსტრაციების მიმართ სისხლისღვრის, დაპატიმრების და წამების ფაქტებს. ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს ქვეყნებს მხარი დაუჭირონ სირიელი ხალხის სამართლიან მოთხოვნას მთავრობის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის შესახებ. სირიელი ხალხის სახელით დროა პრეზიდენტი ასადი გადადგეს და სირიელებს არჩევანის გაკეთების უფლება მისცეს“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.